თორნიკე ყულჯანიშვილი 9 წლისაა და ამაჟამად ადიგენის რაიონში ცხოვრობს.
როგორც „მშობელს“ თორნიკეს მამა ირაკლი ყულჯანიშვილი უყვება, ბავშვი სრულიად ჯანმრთელი დაიბადა და არასდროს გართულებები არ ჰქონია, თუმცა 8 წლის ასაკში დაეწყო ხველა, რომელსაც მედიკამენტოზურმა მკურნალობამ ვერ უშველა და სწორედ, ამის გამო მოხვდნენ იაშვილის კლინიკაში ბატონ, ლევან ხარაშვილთან.
საქმე იმაშია, რომ თორნიკეს კვლევების შედეგად ექინოკოკი დაუდგინდა. როგორ გამოვლინდა და განვითარდა ბავშვის მდგომარეობა, ამას თავად თარნიკეს მამა, ირაკლი მოგვიყვება.
„ჩვენ ადიგენის რაიონიდან ვართ, თორნიკე სრულიად ჯანმრთელი იზრდებოდა, ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია, ყურადღებას არ ვაკლებდით. ერთი წლის წინ კი ხველამ შეაწუხა. ერთი კვირა გაუხანგრძლივდა, ექიმმა წამლები დაუნიშნა, მაგრამ ხველა მაინც არ შეწყდა, ამიტომ მშობლებლებმა გადავწყვიტეთ რენტგენი გადაგვეღო. რენტგენი იქვე ადიგენში გადავიღეთ და გვითხრეს, რომ მარჯვენა ფილტვი არ ჩანდა, შესაძლებელია იყოს რაიმე წარმონაქმნი, იყო ვარაუდი სიმსივნეზეც. შესაბამის ექიმს რომ ვაჩვენეთ რენტგენის პასუხი, გვითხრა რომ შესაძლოა ყოფილიყო ექინოკოკი, ამიტომ სასწრაფოდ გაგვწერეს იაშვილში. წინასაოპერაციო კვლევების შემდეგ ექიმებს მართლაც გაუჩნდათ ეჭვი, რომ შესაძლოა დიაგნოზი ექინოკოკური ცისტა ყოფილიყო, თუმცა წარმონაქმნი გიგანტური ზომის იყო, მთლიანად იკავებდა გულმკერდის მარჯვენა ნახევარს და მარცხნივაც გადადიოდა. ოპერაციულ ჩარევამდე სიმსივნური წარმონაქმნის გამორიცხვაც შეუძლებელი იყო.
ორი დღის შემდეგ დაინიშნა ოპერაცია, რომელიც დაახლოებით 2 საათი გაგრძელდა. ბატონმა ლევანმა გვითხრა, რომ ოპერაცია საკმაოდ რთული იქნებოდა, რადგან წარმონაქმნს გიგანტური ზომები ჰქონდა, ეშინოდათ არ გამსკდარიყო და გართულებები არ გამოეწვია. სხვა სპეციალისტებიც მოიწვიეს(პროფესორი ვახტანგ ქაცარავა, რომელსაც ასევე დიდ მადლობას ვუხდით) და საბედნიეროდ, ყოველგვარი ზედმეტი გართულებების გარეშე, ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ფილტვის გიგანტური ექინოკოკური ცისტის დიაგნოზი დადასურდა. ცისტა მართლაც უზარმაზარი აღმოჩნდა (3 ლიტრის მოცულობით) და როგორც ექიმებმა აგვიხსნეს, ასეთი მოცულობის ფილტვის ექინოკოკი უპრეცედენტოა, თუმცა სიხარულით გვაცნობეს, რომ მხოლოდ ცისტა ამოიკვეთა თავის გარსებთან ერთად და ფილტვის საღი ქსოვილი თითქმის 100%-ით შენარჩუნებულ იქნა. ორი-სამი დღე იწვა რეანიმაციაში, მერე კი ჩამოგვიყვანეს პალატაში. მას შემდეგ კონტროლზე სისტემატიურად დავდიდოით, სადაც ყველაფერს გვაცნობდნენ. ერთი წლის თავზე კი ბატონი ლევანი საბოლოოდ დაგვემშვიდობა. ძალიან დიდი მადლობა მას გამოჩენილი ყურადღებისთვის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ იაშვილის კლინიკაში, რიგითი დაცვის თანამშრომლიდან დაწყებული, ყველა განსაკუთრებულ ყურადღებას გვაქცევდა. მორალურად გვედგნენ მხარში, როცა ეს ძალიან გვჭირდებოდა.
ამის შემდეგ პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში გავაგრძელეთ მკურნალობა, რათა გამოგვერიცხა, სადმე კიდევ არ ყოფილიყო უცხო სხეულის კვერცხი. სამი კურსი ჩავიტარეთ, საკმაოდ ძვირადღირებული მედიკამენტებით, რათა სისხლი გაწმენდილიყო. ამჟამად პარაზიტოლოგიურ ინსტიტუტში ყოველ სამ თვეში ერთხელ ჩავდივართ დაკვირვებაზე.
როგორც აგვიხსნეს, დაინფიცირება შეიძლება მოხდეს ძაღლის დაბინძურებული ბეწვიდან, უშუალოდ ძაღლთან კონტაქტით, ან კიდევ დაბინძურებული საკვებით. ჩვენ სახლში არანაირი ცხოველი არ გვყავს და ყოველთვის ვცდილობდით, განსაკუთრებული ყურადღება გამოგვეჩინა და დაგვეცვა ჰიგიენის ნორმები. ამიტომ ამისგან დაზღვეული არავინაა. როგორც ექიმებმა განგვიმარტეს ,პროცესი გაცილებიით ადრე იყო დაწყებული, ვიდრე ბავშვს რაიმე ჩივილი ექნებოდა, აღმოჩენა კი საკმაოდ რთულია“, - აღნიშნავს ირაკლი ყულჯანიშვილი და მოხარულია, რომ კვალიფიციური სპეციალისტების წყალობით, მსგავს სირთულეებთან გამკლავება, საზღვარგარეთ წასვლის გარეშეც, საქართველოშიც შესაძლებელია.
ფოტოები: რენტგენოგრმა ოპერაციამდე, გამოჯანმრთელების შემდეგ და ოპერაციის დროს გადაღებული ამოკვეთილი (დაცლილი) ექინოკოკური ცისტა