![]()
„დღევანდელი ხანდაზმულები, რომლებიც ნაკლებად არიან ნაზიარები ციფრულ ტექნოლოგიას, თითქოს მდინარის გაღმა, სხვა ნაპირას აღმოჩნდნენ“, - ამის შესახებ ფონდი „თაობის“ ხელმძღვანელი უჩა ვახანია საუბრობს და აღნიშნავს, რომ თანამედროვე ცხოვრების სტილმა და ინტერნეტის მოხმარების ზრდამ, უფროსი ასაკის ადამიანები და ახალგაზრდები კიდევ უფრო მეტად დააშორა.
„მაშინ, როდესაც ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი - დაახლოებით 20% არის ხანდაზმული და ეს წილი სწრაფად იზრდება, ამ კატეგორიის ადამიანებს მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ. დღევანდელი მოხუცები, რომელთან თანამედროვე ტექნოლოგიებმა სიბერეში მოუსწრო, ვერ არიან ინტეგრირებული თუნდაც ინტერნეტის სამყაროში. შესაბამისად, მათ დიდ ნაწილს არანაირი წვდომა არ აქვს ძალიან საჭირო და სასარგებლო ინფორმაციებთან. ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული მათ ყოველდღიურ საჭიროებებთან - თავის მოვლასთან, ჯანსაღი კვების წესთან, სხვადასხვა დაავადების პრევენციასთან და ა. შ. ამ რეალობის გათვალისწინებით მივხვდით, რომ საქართველოში რაღაც ახალი არის საჭირო და მივედით იქამდე, რომ ხანდაზმულთა ვებ-პლატფორმა შევქმენით. Taoba.org.ge - ეს არის საქართველოში პირველი უფროსი თაობის პორტალი და მოიცავს ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რაც ხანდაზმული მოსახლეობისთვის არის საინტერესო“, - აცხადებს უჩა ვახანია.
„თაობის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ აღნიშნული პორტალის მეშვეობით, დაინტერესებული პირები მიიღებენ ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ჯანდაცვა და სოციალური სერვისები, სამედიცინო მომსახურება, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, სხვადასხვა დაავადების პრევენცია და მართვა, ფიზიკური აქტივობა, კვება და თავის მოვლა, ასევე იურიდიული უფლებები, ხანდაზმულთათვის განკუთვნილი შეღავათები, სახელმწიფო პროგრამები და სხვა. ამასთან, ვებ-გვერდი ითვალისწინებს კითხვა-პასუხის რეჟიმს - ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია დასვას კითხვა და მიიღოს პასუხი.
„სხვადასხვა დარგის სპეციალისტები მომხმარებლებს, სანდო და სასარგებლო ინფორმაციასთან ერთად, რჩევებსაც შესთავაზებენ, თუ როგორ უნდა გახდეს უფროსი ასაკის ადამიანების ცხოვრება მეტად პროდუქტიული და საინტერესო“, - ამბობს ვახანია. მისივე თქმით, taoba.org.ge ღირებული რესურსი იქნება არა მხოლოდ ხანდაზმულებისთვის, არამედ მათი ოჯახის წევრებისთვისაც; ასევე, ყველა იმ მოქალაქისთვის, ვინც ჯანმრთელ სიბერეზე ფიქრს ადრეული ასაკიდან იწყებს.
საქართველოში პირველი, უფროსი თაობის მოქალაქეებზე გათვლილი ვებ-პორტალი „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ დაფინანსებით და Bread for the World-ის მხარდაჭერით შეიქმნა. პროექტის მიზანია დაინტერესებულმა პირებმა ბაზისური საინფორმაციო-საკონსულტაციო საჭიროებები ონლაინ დაიკმაყოფილონ. გარდა პირდაპირი სარგებლისა, ამგვარი შესაძლებლობა გაზრდის ხანდაზმულთა მედეგობას კოვიდ-19-სა და სხვა გლობალური საფრთხეების მიმართ.