2018-05-16

2018-05-16

როდის დაიწყება ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია, რა ასაკის უნდა იყოს ბავშვი და რა მონაცემებია საჭირო. „მშობელი“ მშობლებისთვის აქტუალური კითხვებით, ბაღების მართვის სააგენტოს დაუკავშირდა.

- როდის დაიწყება ბაღებში რეგისტრაცია და რამდენ ეტაპად ჩატარდება?

- 2018-2019 სააღმზრდელო წლისათვის, საყოველთაო რეგისტრაცია, ივნისის პირველ ნახევარში, ორ ეტაპად გაიმართება. პირველ ეტაპზე განხორციელდება სტატუსის მქონე აღსაზრდელების რეგისტრაცია:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები;
ბ) სსიპ „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ ფილიალის, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“(შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების) მოწერილობის საფუძველზე;
გ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;
დ) იმ ოჯახის ბავშვები, რომელთა შვილი(შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით;
ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიისშედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისშუამდგომლობის საფუძველზე.


მეორე ეტაპზე კი განხორციელდება ყველა სხვა დანარჩენი აღსაზრდელის რეგისტრაცია. წესი რჩება უცვლელი, ისევე როგორც გასულ 2017 წელს.

- რომელ საიტზე ხდება დარეგისტრირება და რა მონაცემებია საჭირო?

- სააგენტოს ვებგვერდზე - kids.org.ge, არის რეგისტრაციის მენიუ, რომელშიც შესავსები ველები არის მითითებული. მშობელს აღსაზრდელის რეგისტრაციისთვის საჭირო ველების შესავსებად დასჭირდება აღსაზრდელის დაბადების მოწმობაში მითითებული მონაცემები და მშობლის ტელეფონის ნომერი.

- ბავშვი რეგისტრაციის დღისთვის უნდა იყოს 2 წლის თუ სწავლის დაწყებისთვის?

- აღსაზრდელი სწავლის დაწყების თარიღისთვის უნდა იყოს 2 წლის ასაკის.

- როდის იწყება საზაფხულო ბაღების რეგისტრაცია, რამდენი ბაღი იმუშავებს, როდემდე და რამდენი ბავშვის მიღება შეუძლიათ?

- საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია დაიწყება მომავალ კვირას, დაზუსტებული თარიღი გავრცელდება საჯაროდ, მათ შორის გამოქვეყნდება სააგენტოს ვებ გვერდზე 18 მაისს. საზაფხულო ბაღები ფუნქციონირებს მთელი ივლისის განმავლობაში და პროექტის ფარგლებში, 40 ბაღი მოემსახურება თბილისელებს და მივიღებთ 13 000-მდე აღსაზრდელს.

- თუ ბავშვი იმ ბაღში სწავლობს, რომელიც ზაფხულშიც აგრძელებს მუშაობას, უნდა დარეგისტრირდეს თუ არა თავიდან?

- საზაფხულო ბაღები წარმოადგენს დამოუკიდებელ სოციალურ პროექტს და მას კავშირი საყოველთაო რეგისტრაციასთან არ აქვს. შესაბამისად, საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია ხდება აუცილებლად მიუხედავად იმისა, არის თუ არა ბავშვი რომელიმე ბაღის აღსაზრდელი.

 

დღის ამბები