
იაშვილის საავადმყოფოს ირგვლივ აგორებული სკანდალის გამო ექიმები კოლეგებს სოლიდარობას უცხადებენ.
„მშობელი“ გამოხმაურებებს უცვლელად გთავაზობთ.
„მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ის სიკეთე და ურთულესი საქმე, რაც იაშვილის სახ. კლინიკაში ჩემს კოლეგებს უკეთებიათ და აკეთებენ არის ადამიანობის, ზნეობის და პროფეისონალიზმის უდიდესი გამოხატულება. ახლა ხდება ამაზზრზენი რამ, საზოგადოებას ვთხოვ, ძალიან სათუთად მოეკიდოს ასეთ დელიკატურ თემებს და ადამიანებმა თავი შეიკავონ უვარგისი მოსაზრებების გამოხატვისაგან. თუ კი არის რაიმე გამოსაკვლევი და გასარკვევი ამას სათანადო სამედიცინო საქმიანობის მარეგულებელი გაარკვევს და არა შსს იმედია!!!!! (საერთოდ სისხლის სამართალი რა შუაშია ვერ გავიგე, თუ კი ასეა)
რაც შეეხება უცხო სხეულის ოპერაციის დროს დატოვებას, (რაზედაც არის საუბარი) ეს რა დასამალია... შეცდომაა, თუმცა ასეთი შეცდომები მსოფილოს წამყვან კლინიკებში უამრავია დაფიქსირებული...! უამრავი! მათ შორის ცნობილ ქირურგებს ასეთი და უარესი რამ არაერთგზის მოსვლიათ!
დანარჩენი დეტალები მე ჯერ არ ვიცი, ჩემს კოლეგებს ვუსურვებ ყოველთვის წარმატებას და თქვენ კიდევ ერთხელ გთხოვთ... ვცეთ ერთმანეთს პატივი და ასეთი აგრესიული და სრულიად მიუღებელი ისტერია უნდა მორჩეს! ექიმი - ადამიანია, რომელიც ყოველთვის და მუდამ ეცდება გააკეთოს ის, რომ თქვენ და ჩვენ ვიყოთ უკეთ და ჯანმრთელად. გამონაკლის და ცუდ შემთხვევებზე კომენტარები უნდა აკეთოს სათანადო ინსტანციამ სათანადო დასკვების შემდგომ.
კიდევ ერთხელ მადლობა და წარმატებები კოლეგებს იაშვილის კლინიკაში, რომ განაგრძობენ საქმიანობას... მიუხედავად ასეთი არაადექვატური და ამორალური ფსიქოლოგიური ზეწოლისა“, - წერს კონსტანტინე მათითაშვილი.
„მე მეამაყება, რომ იაშვილის კლინიკის ქირურგი ვარ. მეამაყება, რომ იმ ექიმებმა ''გამზარდეს'', ვისაც ლანძღავენ, წყევლიან და სიკვდილამდეც მიუყვანიათ არაადამიანებს. ამ ადამიანების წყალობით მაქვს იმის პრივილეგია, რომ ბავშვებს ვუმკურნალო და გადავარჩინო. ამ სიბინძურის შემხედვარე შეიძლება კაცმა ხელი ჩაიქნიო ექიმობის ტვირთის ტარებაზე და წახვიდე, სხვა გზა იპოვო ცხოვრებაში, რაც არავის გაგვიჭირდება, მაგრამ ჩვენ ასე არ მოვიქცევით. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, სწავლას, სწავლებას, გავითარებას, ბავშვების მკურნალობას და გადარჩენას...“, - წერს ლევან ხარაშვილი.
„ვისაც სიმართლე აინტერესებს, მომისმინოს:
ბავშვი დაიბადა სანაღვლე გზების ატრეზიით. დღეს თქვენ რომ ლანძღავთ, იმ ქირურგმა სიცოცხლე შეუნარჩუნა, სანამ ღვიძლის ტრანსპლანტაციის შესაძლებლობა გაჩნდებოდა. რომ არა იაშვილში ჩატარებული ის ოპერაცია, ნენე ცოცხალი არ იქნებოდა!
უბრალოდ ფულის შოვნის საბაბს ხელიდან არ უშვებს ბიძა, რომელიც ერთხელ არ ჩამოსულა ნენეს სანახავად და დაეხმარეთ თქვენც ექიმის და კარგი საავადმყოფოს გაშავებაში!
საერთოდ სამედიცინო შეცდომები ყველგან ხდება, ამერიკაშიც, საფრანგეთშიც, ემართებათ საუკეთესო ექიმებსაც, მისგან დაზღვეულია მხოლოდ არაპრაქტიკოსი ექიმი!
სამედიცინო შეცდომები არსებობს ორი სახის:
- როცა შედეგად დადგა ცუდი გამოსავალი, რაიმე გართულდა ან სიკვდილი გამოიწვია, რაც დასჯადია;
- გამოსავლის გარეშე, არადასჯადი, რასაც ადგილი ქონდა ნენეს შემთხვევაში.
აქ ოპერაციის დასაწყისში და ბოლოში ითვლიან კომპრესებს, დიდია მათი ჩარჩენის რისკი. ცუდია, რომ იაშვილის ქირურგებს (უფრო ზუსტად ექთანს, ვინც ითვლის-ხოლმე) სათვლავი აერიათ, ეს არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ ნენეს ღვიძლი მუცელში ჩარჩენილ კომპრესს არ დაუზიანებია, თავიდანვე პათოლოგიური იყო. იმ ოპერაციამ გაუხანგრძლივა სიცოცხლე ტრანსპლანტაციამდე.
ნენეს ოჯახისგან მადლობა ეკუთვნის იაშვილის საავადმყოფოს და იმ ქირურგს, რომლს გვარიც არ ვიცი, ანუ არ ვიცავ, უსამართლობას ვერ ვიტან!
ექიმების დაბულინგებით იმ ტოტს ჭრით, რომელზეც ზიხართ! ისევ ბრიჯიტ მაკრონის უკანალზე წერეთ, ამას მაინც არ ედარდება თქვენი აზრი, ახალგაზრდა პრეზიდენტი ქმარი ყავს და უდიდესი ქვეყნის პირველი ლედია, ოღონდ ნუ გაუხეთქავთ გულებს იაშვილის ექიმებს, არ იმსახურებენ!“, - წერს ქეთ ლობჯანიძე.
შეგახსენებთ, რომ სკანდალი, სოციალურ ქსელში, მცირეწლოვანი ბავშვის ბიძის სტატუსს მოჰყვა.
„ნენე ჯერ მხოლოდ 2 წლის ხდება. ეს არის ბავშვი საოცრება. ფაქტიურად სასწაული შეძლო. დაიბადა 6 თვიანი, სულ რაღაც 1.300გრამი, თუმცა ჯანმრთელი. მოათავსეს იაშვილში ინკუბატორში. 1 თვეში ჩემმა დამ შეამჩნია სიყვითლე (არა ექიმებმა) და ატეხა განგაში გამოიკვლიეს ბავშვი და დაასკვნეს რომ სჭირდებოდა ნაღველის ამოღება. 1.500 გრამ ბავშვს ამოაჭრეს ნაღველი. გავიდა 6 თვე. ბავშვი ისევ ცუდად შეიქნა ისევ იაშვილში გააქციეს და 20 დღე უშედეგო მკურნალობის შემდეგ გვითხრეს ღვიძლი არ მუშაობს და გადანერგვა დასჭირდებაო. რა თქმა უნდა საქართველოში მსგავსი ოპერაცია არ გაკეთებულა პატარა ბავშვზე. ჩემმა დამ ფაქტიურად მომაკვდავ ნენეს მოკიდა ხელი და წაიყვანა საფრანგეთში. ერთ თვიანი კვლევების შედეგად ვერ დაუსვეს დიაგნოზი ბორდოში. ბოლოს მოითხოვეს თანხმობა გაჭრაზე. გაჭრეს და ამოუღეს იაშვილის კლინიკაში გაკეთებული ოპერაციის დროს ჩარჩენილი დოლბანდი, რომელიც ღვიძლზე იყო მიკრული . სრულიად დამპალი და რა თქმა უნდა ღვიძლი მთლიანად გაფუჭებული. ამის შემდეგ კიდევ ერთი ოპერაცია ჩსუტარდა რადგან სიცხეს ვერ უწევდნენ და წყალი განუწყვეტლივ უდგებოდა მუცელში. გადანერგვას პატარა წონის გამო ვერ ახერხებდნენ .ბოლო ბოლო პარიზში გაუკეთდა ღვიძლის გადანერგვა. და ღვთის წყალობით დღეს წარმატებით გადის რეაბილიტაციას. იაშვილის კლინიკა ერთხელაც არ დაინტერესებულა ბავშვის მდგომარეობით. ფრანგ ექიმებსაც კი არ მიაწოდეს ინფორმაცია თუ რა გაუკეთდა მათთან. ხო ნაღველის ამოჭრისას არასწორად ქონდათ შეერთებული სადინარები.. არ ვიცი რა უნდა ვთქვა ფრანგულ მხარეზე. სოციალური დაცვა აქვთ უმაღლეს დონეზე. უძვირესი ოპერაციები უფასოდ .მაშინ როცა საქართველოში 1 თეთრიც არ დაუფინანსეს. იაშვილშიც კი ფული გადაიხადეს. ის ექიმები ჯერ კიდევ მუშაობენ იაშვილში და ვინ იცის რამდენს დაღუპავენ კიდევ“, - წერს გიორგი ალიბეგაშვილი.
განცხადება გაავრცელა თავად იაშვილის კლინიკამაც.
„პაციენტი შემოვიდა იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალურ სააავადმყოფოში 2016 წლის 28 აპრილს, 1 დღის ასაკში. მდგომარეობის სიმძიმის გამო მოთავსებული იქნა ახალშობილთა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, სადაც დაისვა სანაღვლე გზების ატრეზიის (განუვითარებლობის) დიაგნოზი. ეს მდგომარეობა მიეკუთვნება იშვიათ დაავადებებს და სტატისტიკით გვხვდება 1 შემთხვევა ყოველ 10.000-15.000 ახალშობილზე, ანუ საშუალოდ წელიწადში საქართველოში 3-5 ასეთი ახალშობილი იბადება. ღვიძლის ტრანსპლანტაციის დანერგვამდე ასეთი ბავშვების უმრავლესობა 5 წლის ასაკამდე იღუპებოდა ღვიძლის უკმარისობის გამო, ამიტომ ასეთი ბავშვების გადარჩენის ერთადერთი გზაა ურთულესი ქირურგიული ოპერაციის (ე.წ. კასაის ოპერაცია) ჩატარება დაბადებიდან რაც შეიძლება სწრაფად, რათა მოხერხდეს მათი მიყვანა 1-2 წლის ასაკამდე, როდესაც ღვიძლის გადანერგვა უკვე შესაძლებელია.
იაშვილის კლინიკაში სანაღვლე გზების ატრეზიის დიაგნოზის დასმისთანავე ჩატარდა კასაის ოპერაცია, რამაც საშუალება მოგვცა გაგვეხანგრძლივებინა ბავშვის სიცოცხლე და მიგვეყვანა ის ღვიძლის გადანერგვამდე. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ ოპერაციის გარეშე ბავშვის გადარჩენა შეუძლებელი იყო და ის დაიღუპებოდა ძალიან მოკლე პერიოდში. კასაის ოპერაცია სულ რამდენიმე წელის დაინერგა საქართველოში და ამ ოპერაციამდე ყველა ბავშვი სანაღვლე გზების ატრეზიით იღუპებოდა სიცოცხლის პირველი წლების განმავლობაში.
ოპერაციის ჩატარებიდან ორი თვის შემდეგ ბავშვი გაეწერა ბინაზე გაუმჯობესებულ, სტაბილურ მდგომარეობაში, ღვიძლის ფუნქციური სინჯების საშუალოდ მომატებული მაჩვენებლებით.
ერთი წლის ასაკში, ოპერაციიდან 10 თვის შემდეგ პაციენტი განმეორებით იყო ჰოსპიტალიზებული გამოხატული სიყვითლით და ღვიძლის ფუნქციური სინჯების მკვეთრად მომატებული მაჩვენებლებით, რის გამოც მიეცა რეკომენდაცია მიემართა ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალისთვის, სადაც უკვე წლებია წარმატებით წარმოებს ღვიძლის ტრანსპლანტაცია. მისი შემდგომი მკურნალობის საკითხი შეთანხმებული იყო ქირურგ-ტრანსპლანტოლოგთან, თუმცა პაციენტის მშობლებმა არჩიეს მისი საზღვარგარეთ წაყვანა.
კიდევ ერთხელ გვინდა ავღნიშნოთ, რომ არა იაშვილში ჩატარებული ოპერაცია, ღვიძლის გადანერგვის ჩატარება ვერ მოხერხდებოდა. ყველა ჩარევა, როგორც ოპერაციული, ისე პოსტოპერაციული იაშვილის კლინიკაში ჩატარდა საერთაშორისო პროტოკოლის შესაბამისად, რამაც ბავშვის გადარჩენის შესაძლებლობა მოგვცა.
რაც შეეხება ბოლო დღეებში გავრცელებულ ცნობებს პაციენტის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით, ჩვენ არ მიგვიღია რაიმე სახის ოფიციალური ინფორმაცია ან დოკუმენტაცია საფრანგეთის კლინიკიდან, შესაბამისად ვერ გავაკეთებთ კომენტარსაც“, - ნათქვამია განცხაებაში.