
„ავერსი“ ვ. ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის მიმართ მშობლის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს.
„მშობელი“ კლინიკის პასუხს უცვლელად გთავაზობთ.
„ძალიან ძნელია მშობელს მოსთხოვო სიტუაციის ობიექტურად დანახვა, როცა მისი პატარა ავადმყოფობს! ცხადია, მიჩვეული ვართ ამ შემთხვევებში როგორც ზომაზე მეტ ლანძღვას- ისე, უმეტეს შემთხვევებში-ზომაზე მეტ, ხშირად უხერხულობამდე ქებას. მთელ მსოფლიოში ასეა: მოკრიტიკეები ცდილობენ, რაც შეიძლება ფართოდ გაავრცელონ თავიანთი გულისწყრომა, ხოლო მადლიერება ადგილზე რჩება და ამ შემთხვევაში, ექიმ-პაციენტის ურთიერთობას არ სცდება.. ჩვენთვის, კლინიკის განვითარების და სწორი მიმართულებით სიარულის თვალსაზრისით, ბევრად უფრო საინტერესოა სწორედ კრიტიკის გაცნობა! რაც არ უნდა უსამართლო მოეჩვენოს, ამბავში მონაწილე რომელიმე პერსონალს მშობლის თვალით დანახული პროცესი, მასში აუცილებლად იქნება "რაღაც" ობიექტური, ჩვენთვის უცნობი, რამაც პაციენტის, ან მისი პატრონის უკმაყოფილება გამოიწვია. ამიტომაც, მადლობას მოგახსენებთ თქვენ, ამ სტატიის გამოქვეყნებისთვის და პატარა პაციენტის დედას - მაშინვე ვუთხარით მადლობა, რჩევებისთვის და გამოთქმული შენიშვნებისთვის.
მივუყვეთ პრობლემას ქრონოლოგიურად:
- პაციენტი ემერჯენსიში - ზოგადად, ყველა პაციენტი საქართველოში დარწმუნებულია, რომ როგორც კი შეადგამს ფეხს საავადმყოფოს მიმღებში (იარში), იმ წამსვე თუ არ დაეწყო პაციენტს სამედიცინო ღონისძიებები - ყურადღებას არ აქცევენ. სწორედ ამ დროს წარმოებს მასზე დაკვირვება, სხვადასხვა კვლევებით მიღებულ მონაცემთა ანალიზი და ა.შ. დიახ, სისხლის კვლევებსაც სჭირდებათ დრო! ზოგს 2 საათი, ხოლო ზოგს ბევრად მეტიც! იარში ავადმყოფის დაყოვნება, 24საათამდეა გათვალისწინებული და ხშირ შემთხვევაში - მიზანშეწონილიც! სწორედ აქ ხდება ანალიზი: აუცილებელია თუ არა ავადმყოფის კლინიკაში განთავსება, თუ აუცილებელია - რომელ განყოფილებაში, ან სულაც სხვა საავადმყოფოში. აქ დახარჯული დრო, შემდგომი შეცდომისგან იცავს ექიმს და დროის ბევრად მეტ ეკონომიას აკეთებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ავადმყოფის დედა თავად აღნიშნავს მუცლის საშინელ ტკივილს, რომლის მიზეზი შეიძლება დიდი ალბათობით 5-6 დაავადება იყოს, ხოლო თეორიულად- 5ჯერ მეტი! ამ დროს გამოსარიცხია პირველ რიგში ქირურგიული პათოლოგია და თან სურათიც არ უნდა წაიშალოს გადასხმების დროს, რომ არ გამოგვეპაროს რამე. ამიტომაც აკეთებენ შედარებით ნეიტრალური ნივთიერებების გადასხმას და მგონი მარტო საქართველოში ხდება, როცა ექიმობასთან ძალიან შორს მდგომი ადამიანი ასწავლის ექიმს რა მედიკამენტი იხმაროს... ნიშნის მოგებად არ ჩაგვითვალოთ, მაგრამ როცა წერთ: "ტკივილისგან და ღებინებისგან ლაპარაკის თავიც კი აღარ ჰქონდა" და ბოლოს დასკვნას გვამცნობთ, თურმე "დანის არაფერიც არ ჭირდა" - რაღაც ლოგიკასთან ახლოს ვერაა.. თუმცა, ასევე დედის სიტყვებით ირკვევა, რომ პაციენტს იარის ეტაპზე, სტანდარტით განსაზღვრული ყველა კვლევა ჩატარებია (სისხლის ყველა ანალიზი, ექოსკოპია..).
- პაციენტი სტაციონარში - აქ, პაციენტის ჩივილი ძირითადად კონცენტრირდება ერთ ფაქტზე, რომელიც ჩვენი კლინიკისთვისაც სრულიად მიუღებელია და ვეთანხმებით ამაში: ჩვენ, ახლადშექმნილ პედიატრიულ დეპარტამენში მივიღეთ ბევრი გამოცდილი ექთანი, მათ შორის სხვა კლინიკებიდან. ერთ-ერთი მათგანი, ცნობილი ბავშვთა კლინიკის დიდი ხნის ექთანი იყო, სწორედ ეს მორიგე! და ბავშვისთვის თითიდან სისხლის აღებას აპირებდა ერთჯერადი ნემსით, როგორც მიჩვეული იყო თავის კლინიკაში! ჩვენი კლინიკის რეაბილიტაციაში, აღჭურვაში, რამოდენიმე მილიონი ლარია ინვესტირებული და ჩვენთან უკვე გამოზრდილი პერსონალისთვის წარმოუდგენელია, რომ არ იყოს ყველაფერი ახალი, საუკეთესო! მით უფრო, სკარიფიკატორი არანაირად არაა რაიმე ძვირი და ულტრათანამედროვე ინსტრუმენტი! იმ დღესვე დავიბარეთ მორიგე ექთანი, ვინც სისხლის აღება შპრიცით მოინდომა და ჩამოვაქვეითეთ ექთნის დამხმარემდე (დამოუკიდებლად მანიპულაციების გაკეთების უფლება აღარ აქვს). აქვე უნდა ვთქვათ, რომ პაციენტის დედა შემთხვევით შეესწრო ექთნის კლინიკის დირექტორთან გამოძახებას და ითხოვა, მის გამო მკაცრად არ დაგვესაჯა აღნიშნული პიროვნება. საბოლოო დიაგნოზი, ნაწლავური ინფექციების დროს, ბაქტერიული ამოთესვით დგინდება, რისთვისაც 48 საათია საჭირო (ფლორა რომ გაიზარდოს).
- ფინანსური ნაწილი - რატომ ითქვა განსხვავებული ფასები? 800ლარი არის კოდის ფასი, დამტკიცებული სახელმწიფოს მიერ შესაბამისი დადგენილებით და მკურნალობის სრულყოფილი კურსის შემთხვევაში, სწორედ ეს თანხა ჯდება (უმეტესად არ ყოფნის და გადაჭარბებებია). ჩვენ ყველა შემთხვევას ვითვლით ფაქტიური დანახარჯის მიხედვით. რადგანაც პაციენტმა არ ჩაიტარა სრული კურსი და განსაზღვრულზე ადრე დატოვა სტაციონარი, ცხადია კოდის მთლიანად გამოყენება, დახარჯვა ვერ მოხერხდა და რაც დაიხარჯა, ისაა ასახული თეთრების სიზუსტით. გადავხედეთ თქვენს მიერ გამოქვეყნებულ კალკულაციის ცხრილს და სამარცხვინო არაფერია მასში. პირიქით, დეტალურადაა ჩაშლილი ყველაფერი. სპირტი-200მლ, კი არა 0.05მლია(უწერია გვერდით, რამდენი დაიხარჯა 200მლიანი ფლაკონიდან). ყველა მანიპულაცია (ცხვირის, ყელის, ყურების გამორეცხვა-გამოვლება და დასალევი მისაღები სიროფების ზუსტი დოზირება) ხდება ერთჯერადი შპრიცების საშუალებით და 2 დღეში ამ საქმისთვის (ინექციებს რომ თავი დავანებოთ) 36 შპრიცი სულაც არაა ბევრი (შპრიცების ჯამური ფასი - 3-ლარი). ძალიან მოგვწონს რომ ასე გეცოდებათ სახელმწიფო, მაგრამ არც ჩვენ გვაქვს ვინმეზე ნაკლები სახელმწიფოებრივი მიდგომა: ვიცით, რომ სახელმწიფო ჩვენია და ჩვენ ყველანი ერთად ვართ ეს ქვეყანა. მეტის გადახდის საშუალება ახლა სახელმწიფოს, ანუ ჩვენ ერთიან ქვეყანას, არა აქვს და ის, რაც ზოგიერთებს მსუყე ლუკმად ეჩვენება ჯანდაცვისთვის, სინამდვილეში ისეთივე დონის მკურნალობისთვის, რაც ევროპის საუკეთესო ქვეყნებშია (არაფრით არ ჩამოვუვარდებით არც ტექნოლოგიებით, არც კადრებით მათ და მყარი კონტაქტებიც გვაქვს, აკადემიკოს ბოჭორიშვილიდან მოყოლებული) - ძალიან მწირია! მუდმივ ეკონომიას საჭიროებს და ეს ეკონომია ძირითადად ჩვენს ხარჯზე, პერსონალის ხელფასების ხარჯზე ხდება! რადგან მედიკამენტების და ტექნოლოგიების ფასი ყველა ქვეყანაში მეტნაკლებად ერთნაირია და ეს კომპონენტიღა რჩება დასაკლები. მართალია, ის მედდა რომელიც ასეთ ფამილარულ საუბარში შევიდა პაციენტის მშობელთან, სხვა ქვეყნის მკურნალობის ფასებთან დაკავშირებით, გაკიცხვას იმსახურებს, მაგრამ ჩვენთვის ვიკითხოთ- რომელ ქვეყანაში ჩაატარებენ ბაქტერიული დაავადების სრულ კურსს, 4-5-დღიანი მოვლით 270 ევროდ ასეთი დონის კლინიკაში?“, - განუცხადეს „მშობელს“ ავერსში.
ბრალდებები იხილეთ ბმულზე: "იძულებული გავხდი დანიელა ფანჯრის რაფაზე დამეწვინა - რა ხდება ვ. ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში"