2018-04-10

პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპისთვის მშობლებმა საბუთები სკოლაში უნდა წარადგინონ.

ამის შესახებ "მშობელს" განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს.

პირველ ეტაპზე რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში, რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია და რომლის ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

I ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება სკოლაში  30 აპრილი - 07 მაისის ჩათვლით.

II ეტაპი - საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია განხორციელდება 2018 წლის 8 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით და შესაძლებელი იქნება იმ ბავშვების რეგისტრაცია, ვინც სკოლაში შესვლის ასაკს აკმაყოფილებს.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე www.emis.ge

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 11 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით.

I და II ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.

III ეტაპი 2018 წლის 2 ივლისიდან - 16 ივლისის ჩათვლით მოხდება, რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

2018-2019 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებისთვის უსრულდებათ 6 წელი. 2018-2019 სასწავლო წელი დაიწყება 17 სექტემბერს.

შეგახსენებთ, რომ პირველი ეტაპის რეგისტრაცია დღეს დაიწყო.

 

დღის ამბები