
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 9-დან 13 წლამდე გოგონების პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, სავალდებულო გახდა.
ამის შესახებ მან კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
"შარშან დაინერგა და წელს სავალდებულო გახდა 9-დან 13 წლამდე გოგონების პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. საშვილოსნოს ყელის კიბოს ვაქცინით პრევენცია თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მიღწევაა", - განაცხადა მან
მისივე ინფორმაციით, ლუგარის ცენტრში, უკვე შესაძლებელია ძუძუს კიბოს გენეტიკური მიდრეკილებების დიაგნოსტირება.
რა არის პაპილომა ვირუსი
პაპილომავირუსი (აპვ/HPV - Human Papillomavirus) რეპროდუქციული ქალისა და მამაკაცის სასქესო სისტემის ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციაა.
პაპილომა ერთი ან რამდენიმე მომრგვალებული, არასიმეტრიული, რბილი ღია ყავისფერი, თეთრი ან ვარდისფერი ღეროვანი წანაზარდია („ხორცმეტი“). წანაზარდებს თუ არ ჩავთვლით, კლინიკური გამოვლენები პაპილომავირუსულ ინფექციას არ აქვს, ის უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ადამიანმა შეიძლება არც იცოდეს, რომ ინფიცირებულია. დაავადების ზუსტი დიაგნოსტიკა მხოლოდ შესაბამისი გამოკვლევის შედეგადაა შესაძლებელი.
ხშირი რეციდივებისა და ონკოლოგიური საშიშროების გამო გენიტალური პაპილომავირუსული ინფექცია ერთ-ერთ რთულ პათოლოგიად ითვლება. ამ ვირუსის სპეციფიური ონკოგენური ტიპები იწვევენ საშვილოსნოს ყელის კიბოს. “აპვ” ასევე იწვევს გენიტალურ მეჭეჭებს, პირ-ხახის და ანოგენიტალურ სიმსივნეებს.
ვირუსი გადაეცემა ინფიცირებული გენიტალიების (სასქესო ორგანოების) კანთან, ლორწოვან გარსებთან და ორგანიზმის ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტის შედეგად. პაპილომავირუსით ინფიცირების რისკფაქტორებია:
სქესობრივი პარტნიორების ხშირი ცვლა;
პრეზერვატივის არგამოყენება სქესობრივი აქტის დროს.
პაციენტს შეიძლება არაერთი, არამედ რამდენიმე ტიპის პაპილომავირუსი ჰქონდეს. ყველაზე ხშირად ამ დაავადებით ინფიცირება და გამოვლენა 18-დან 35 წლის ასაკში ხდება.
მკურნალობა მოიცავს წანაზარდების მექანიკური გზით მოცილებასა და ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღებას.
ექიმთან დროული ვიზიტი და სათანადო მკურნალობა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ პაპილომავირუსისაგან გამოწვეული გართულებები.
ასევე, ვაქცინაცია პაპილომავირუსით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის კიბოსგან დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ამ ვისუსის საწინააღმდეგოდ აცრა რეკომენდირებულია ისეთ ადრეულ ასაკში, როგორიცაა 8-9 წელი.