2020-08-04

„ბავშვი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მის აზრს მოუსმენენ, კითხვის დასმის არ უნდა ეშინოდეს

"მასწავლებელს აქვს ძალა, თავისი მოსწავლეების ცხოვრება უკეთესობისაკენ შეცვალოს, მისცეს ცოდნა და შთააგონოს, რომ განათლება თავისუფლებაა

“მათემატიკურად აზროვნება ქალებსაც ისევე წარმატებით შეუძლიათ, როგორც მამაკაცებს”

ანა კინწურაშვილი, ერთ-ერთი კერძო სკოლის მათემატიკის მასწავლებელია, რომელიც ჩვენთვის საინტერესო სწორედ მისი მიდგომებითა და მისი მოსწავლეების შეფასებებით გახდა.

ის, მისმა მოსწავლეებმა, მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე წარადგინეს და ათეულშიც მოხვდა. თუ რითია ის გამორჩეული, როგორია მისი სწავლების მეთოდი და რატომ აირჩია პროფესია - მასწავლებელი, „მშობელს“ ანა კინწურაშვილი თავად მოუყვება.

„ჯერ კიდევ ბავშვობაში მინდოდა მასწავლებელი გამოვსულიყავი. ვფიქრობ, ჩემზე დიდი გავლენა სენაკის სკოლამ მოახდინა, სადაც ვსწავლობდი. ჩემმა მასწავლებლებმა მრავალმხრივი განათლება მომცეს. ჯერ კიდევ 20 წლის წინ, საგაკვეთილო პროცესში ისეთი აქტივობები გვქონდა, რომლებიც დღესაც ინოვაციურ მეთოდებს წარმოადგენს. 2014 წლიდან კერძო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად ვმუშაობ. ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, როცა მასწავლებლობა გადავწყვიტე. ჩემი პროფესია თვითრეალიზაციისა და განვითარების საშუალებას მაძლევ, ჩემი მოსწავლეებისა და კოლეგებისაგან ვსწავლობ, ვასწავლი და ვვითარდები. მასწავლებლობა მაბედნიერებს“.

ანა მასწავლებელი მიიჩნევს, რომ ბავშვების საგნით დაინტერესებაში მთავარი მიდგომაა, თუ როგორ მიაწვდი მათ ინფორმაციას.

„სხვადასხვა მისწრაფებების ფონზე მოსწავლეები ვერ ხვდებოდნენ მათემატიკის ცოდნის საჭიროებას, მათემატიკას აღიქვამდნენ დისციპლინად, რომელიც მხოლოდ მაღაზიაში რაიმეს ყიდვისას ან ბანკში მუშაობისას გამოადგებოდათ. ამ პრობლემის გადასაჭრელად დავიწყე ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარება. მათემატიკის საკითხებს მოსწავლეებთან ერთად  სხვა საგნებთან მიმართებით განვიხილავ და ჩემს პრაქტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი  არაფორმალურ განათლებას უჭირავს. 2015წელს მათემატიკის კლუბი „პი“ დავაარსე, რომლის ფარგლებშიც შემეცნებით აქტივობებს ვგეგმავ, ასევე პროექტებს, რომელთა მიზანიც კრიტიკული, ანალიტიკური უნარების გაღრმავებაა. ლოგიკურად და შემოქმედებითად აზროვნებას გვასწავლის, მონაწილეობას ვიღებთ საზოგადოებრივ და საქველმოქმედო ღონისძიებებში.       

მეთოდი, რომელიც განსაკუთრებულად მეხმარება მოსწავლეებს შეუყვარდეთ მათემატიკა, შემდეგია:  ჩემი რჩევებით ისინი სასწავლო რესურსებსა და თამაშებს თავად ქმნიან, შედეგად სიამოვნებით და ინტერესით სწავლობენ.

ყოველწლიურად მათემატიკის ფესტივალში ვიღებთ მონაწილეობას, სადაც ჩვენი სკოლის სტენდი ყოველთვის მრავალფეროვნებით და  ხალხმრავლობით გამოირჩევა.

2017წელს ჩვენ მიერ დამზადებულმა სასწავლო რესურსმა „ევერესტის“ მიერ ჩატარებულ კონკურსში გაიმარჯვა, თუმცა ვფიქრობ, რომ ყველა ის წარმატება, რომელსაც მივაღწიეთ,  არასდროს გამოგვივიდოდა იმ ურთიერთობების გარეშე, რომელიც მე და ჩემს ბავშვებს გვაკავშირებს. ჩვენი ურთიერთობა მეგობრობაზე და განსხვავებული აზრის პატივისცემაზეა დაფუძნებული. ბავშვი დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ მის აზრს მოუსმენენ, კითხვის დასმის არ უნდა ეშინოდეს. 

მასწავლებლის მთავარი დანიშნულებაა მოსწავლეებში გააღვივოს ღირებულებები, რომლებიც მათ ზნეობრივ და მორალურ განვითარებას შეუწყობს ხელს და ღირსეულ პიროვნებებად ჩამოაყალიბებს. ეს დაეხმარება მათ, ღია საზოგადოების ფორმირებაში წვლილი შეიტანონ, რაც თავის მხრივ  ძლიერ სახელმწიფოს ქმნის.

მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე, მე-10 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს...

„ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო. ბედნიერი ვარ, რომ მათი იმედები გავამართლე და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2020 წლის ათეულის კლუბის წევრი გავხდი. ამ კონკურსში მონაწილეობა ჩემთვის დიდი პატივია. ნებისმიერი ადამიანისათვის  საქმიანობის დაფასება და აღიარებაა მნიშვნელოვანი, მიუხედავად იმისა, რომ აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ვეწევი, მაქსიმალურად ვცდილობ თვითრეალიზაციას. ვფიქრობ, რომ ეს კონკურსი  ჩემს მოტივაციას კიდევ უფრო გაზრდის. სტატუსს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისათვის აუცილებლად გამოვიყენებ.  ასევე ათეულში ყოფნა დამეხმარება, რომ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ მოსწავლეებს ხმა მივაწვდინო და ვუთხრა, რომ მათემატიკურად აზროვნება ქალებსაც ისევე წარმატებით შეუძლიათ, როგორც მამაკაცებს.

„მშობელი“ რამდენიმე მოსწავლესაც ესაუბრა. რას ფიქრობენ ისინი:

მარიამ ვარდოსანიძე, XI კლასის მოსწავლე: ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ ანა მასწავლებელზე უნდა გამეკეთებინა კომენტარი. ანა მასწავლებელს შეუძლია ცხოვრება უკეთესობოსკენ უბრალოდ ერთი ხუმრობით შეცვალოს, გაჩვენოს  თუ როგორი პოზიტიური და მხიარულია სწავლის პროცესი, გასწავლოს კრიტიკულად და კრეატიულად აზროვნება.

ანა არის იმ ადამიანების რიცხვში, რომელსაც კლასის ყველანაირ აქტივობაში ჩართვა შეუძლია. არ ვიცი როგორ ახერხებს, რომ ბავშვებისთვის უინტერესო თემა ძალიან საინტერესოდ გაგვაცნოს, მისი მონდომება და საქმის სიყვარული გვეხმარება რომ ვისწავლოთ არა მხოლოდ მათემატიკა, არამედ დავინახოთ მათემატიკის გამოყენება ადამიანის საქმიანობის სხვა დარგებში და რაც მთავარია, ანა მასწავლებელს შეუძლია შეგვაყვაროს საქმე.

მისი რეკომენდაციით ვგეგმავთ სხვადასხვა პროექტებს და ვიღებთ მონაწილეობას ტრენინგებში, ყველაზე განსაკუთრებულად მათემატიკის ფესტივალისათვის ვემზადებით- ხოლმე.

ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის ძალიან საამაყოა, რომ  საქველმოქმედო ღონისძიებებში ვიღებთ მონაწილეობას. მისი მონდომება და შრომისმოყვარეობა ყველას მოტივაციას გვაძლევს, რომ გვინდოდეს და ვისწრაფოდეთ მეტისკენ. საკუთარი გამოცდილებით ვამბობ, რომ  ანა მასწავლებელთან ერთად სწავლა და კლუბში მუშაობა დამღლელი არასდროს არაა.

მთელი გულით მინდა, რომ ყველამ გაიგოს როგორი კეთილი, ჭკვიანი და მშრომელი ადამიანია.  ყველას ვუსურვებ რომ ყავდეთ ისეთი მასწავლებელი და მეგობარი, როგორიც ჩემი ანა მასწავლებელია.

დეა ჩაფიჩაძე, XI კლასის მოსწავლე: წელს ძალიან რთული წელი გვქონდ. დისტანციური სწავლებისას პრობლემების გამკლავებაში მასწავლებლები ძალიან დაგვეხმარნენ. მათ შორის როგორც ყოველთვის  ანა მასწავლებელი გამოირჩეოდა, რომელიც არა მხოლოდ მათემატიკას მასწავლის, არამედ არის ადამიანი, რომელთანაც ყველა პრობლემაზე თავისუფლად შემიძლია ვისაუბრო.  ვიცი, რომ გულისყურით მომისმენს და გვერდით დამიდგება. ვფიქრობ, ეს თვისება მასწავლებელში ყველაზე დასაფასებელია.

ძალიან მინდა მისნაირი შრომისმოყვარე ვიყო. ანა მასწავლებელს ძალიან უყვარს თავისი საქმე, რაც მრავალფეროვან და საინტერესო გაკვეთილებში ძალიან კარგად ჩანს.  მათემატიკას წლების განმავლობაში ყველაზე რთულ საგნად ვთვლიდი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მე და ანა მასწავლებელმა ამ სტერეოტიპის დანგრევა ერთად შევძელით.

არცერთი საგანი არ არის რთული, თუ მას სიყვარულით და საინტერესოდ გასწავლიან. მან მასწავლა, თუ როგორ ვისწავლო სწორად, მას მოსწავლეების დასახმარებლად დამატებითი დრო არასდროს ენანება. მადლობა ანა მასწავლებელს, რომ თეორემების პარალელურად ადამიანობას და მეგობრობას გვასწავლის.

წელს ასეთი სიურპრიზი გაგვიკეთა: სკოლაში მისულებს ანა მასწავლებელიც სკოლის ზუსტად ისეთივე ფორმაში დაგვხვდა გამოწყობილი, როგორიც ჩვენ გვაქვს და ყოველდღიურად და ასე დადიოდა სკოლაში, ჩვენსავით. მადლობა იმ მოგონებებისთვის, რომელიც მისმა გაკვეთილებმა თუ გასვლითმა მხიარულმა აქტივობებმა დამიტოვეს და ზუსტად ვიცი, რომ შემდეგი სასწავლო წელიც განსაკუთრებული იქნება.

მისი გაკვეთილი არასდროს ყოფილა მოსაწყენი.

გიორგი ცქიტიშვილი, XI კლასის მოსწავლე: ჩემი მასწავლებელი და მეგობარი ანა კინწურაშვილი, სამართლიანობით, კრეატიულობით, ცოდნით და მეგობრული ხასიათით გამოირჩევა.

რამდენიმე წელია, ჩემთვის მათემატიკის გაკვეთილი მოსაბეზრებელი არ ყოფილა.  ამოცანებში პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა ხერხს გვასწავლის, მონაწილეობას ვიღებთ უამრავ პროექტში, რაც გვეხმარება როგორც საგნის შესწავლაში, ასევე ადამიანური ღირებულებების ჩამოყალიბებაში. მათემატიკის გაკვეთილი არასდროსაა მოსაწყენი და ერთფეროვანი. ბავშვები ყველა გაკვეთილზე პროგრესს ვხედავთ. რაც მთავარია, ანა მასწავლებელი ყველა მოსწავლეს თანაბარ ყურადღებას უთმობს, თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალურად უდგება, თან ამას ისე ახერხებს, რომ უსამართლობის შეგრძნება არავის აწუხებს.

ლიზა ჩხიკვიშვილი, XI კლასის მოსწავლე: ერთი წელია რაც სკოლა „ქორალში“ გადმოვედი და ანა მასწავლებელი განსაკუთრებულად შემიყვარდა, როგორც პროფესიონალიზმით, ასევე თავისი პოზიტივით და სილაღით. ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა მათემატიკა, მაგრამ წელს სხვანაირად შევხედე და შემიყვარდა. ძალიან ბევრი საინტერესო აქტივობა, შემეცნებითი და საქველმოქმედო პროექტები განვახორციელეთ, რომელიც ჩემი აზრით, ბავშვის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ესაა მიზეზი იმისა, რომ ანა მასწავლებლისგან სწავლობ არამარტო მათემატიკას, არამედ ადამიანობას. მე ძალიან ბევრი მივიღე მისგან და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მასწავლებელი მყავს. ყველას ვუსურვებ ყავდეს მისნაირი მცოდნე, პოზიტიური, კომუნიკაბელური მასწავლებელი - ეს ძალიან იშვიათია.

ნინია მაზიაშვილი, ნუკრიანის #2 საჯარო სკოლა: მინდოდა ჩემი ზაფხული გამემრავალფეროვნებინა, ამიტომაც დავრეგისტრირდი სკოლა ,,შავნაბადას" პროექტში „მოხალისე მასწავლებელი". 4 კურსი ავირჩიე,  აქედან ერთ-ერთი იყო „მათემატიკა, მისტიკა და ხელოვნება."

რატომ ავირჩიე აღნიშნული კურსი, რომლის სახელიც მეტად უცნაურად ჟღერს? ახლავე გიპასუხებთ, კურსს სახელწოდებიდანვე ეტყობოდა რამდენად განსხვავებულად იყო დაორგანიზებული. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ იმედი, რომელიც სათაურმა გამიჩინა, გამართლდა. მყავდა შესანიშნავი მასწავლებელი, რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებშიც კიძალას, ენერგიას, დროს არ იშურებდა ჩვენთვის. შუა კურსის დროს გავიგე, რომ თურმე მაწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე ყოფილა წარდგენილი. მე, მისი ონლაინმოსწავლე ვფიქრობ, რომ ანა მასწავლებელი ის ადამიანია, რომელიც მუდამ ხვდება იმას, რის თქმასაც მოსწავლე ცდილობს, თითქოს მოსწავლის აზრებს კითხულობს. ასეთი გამგებიანი, ყურადღებიანი, შრომისმოყვარე მასწავლებელი მინდა ყველა ბავშვს ჰყავდეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში.

 

მარიამ სოხაძე, სპეციალურად „მშობელისთვის“

 

 

 

 

 

განათლება