2019-12-23

დახვეწილი, მოდური და კომფორტული – ეს LP Handmade-ის ტყავის ჩანთები, საფულეები და აქსესუარებია. კომპანია, რომელიც წარმატებული სტარტაპერია, მხოლოდ ნატურალურ ტყავზე მუშაობს, ნივთებს სამ ფერში ქმნის და რაც მთავარია, ყველა დეტალი ხელნაკეთია. ჩანთები და საფულეები სოციალურ ქსელსა და კიდევ რამდენიმე მაღაზიაში იყიდება. ქართული ხელნაკეთი პროდუქციით უკვე დაინტერესდნენ იტალიასა და საბერძნეთშიც.

ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ნივთები, რაზეც ახლა გიყვებით, ციხეში მზადდება. ლაშა ფიცხელაური 10 წლის წინ მომხდარი ტრაგედიის გამო დღეს რუსთავის მე-16 პენიტენციურ დაწესებულებაშია. მან პირველი ჩანთა მეუღლისთვის დაამზადა. შემდეგ კი, მისი დახმარებით ეს საქმე ბიზნესად აქცია.

ლაშამ ხელობა ციხეში, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ფარგლებში შეისწავლა და დღეს საკუთარი ბიზნესით ოჯახს ინახავს. როგორც მისი მეუღლე „ფორტუნას“ უყვება, ჩანთები და საფულეები ლაშას დიზაინით ან მომხმარებლების სურვილით იქმნება. რაც შეეხება ხისა და ტყავის ნატურალურ მასალებს, ისინი ლაშას მეუღლეს მიაქვს. ის პენიტენციურ დაწესებულებაში კვირაში ორჯერ მიდის, ერთხელ – მასალების მისატანად, მეორედ კი – დამზადებული ნივთების წამოსაღებად. პროდუქცია სოციალურ ქსელსა და თბილისის რამდენიმე მაღაზიაში იყიდება. როგორც ლაშას მეუღლე გვიყვება, მოთხოვნა საკმაოდ დიდია.

ჩანთისა და საფულის მოდელი თავდაპირველად ქაღალდზე იხატება, შემდეგ კი მისი დამზადება იწყება. თითო ჩანთის შესაქმნელად ლაშას ორი დღე, ზოგჯერ კი 1 კვირა სჭირდება. ის ნივთებს მეგობართან – ასევე მსჯავრდებულთან ერთად ამზადებს.

ლაშას მეუღლე გვიყვება, რომ პენიტენციური დაწესებულების ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა მსჯავრდებულს საკუთარი ბიზნესი აქვს და ოფიციალურად იხდის გადასახადებს.

კომპანია, უმეტესად, კერძო შეკვეთებზე მუშაობს, რომლებიც უკვე იყიდება ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. ლაშა ფიცხელაური, რომელიც ციხეს 4 წელიწადში დატოვებს, ამბობს, რომ ბევრი გეგმა აქვს და ბიზნესის გაფართოებასაც აპირებს.

 

წყარო

წარმატების ფორმულა