2019-02-22

„3 წლის მანძილზე, ჩვენი საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის ბავშვებს და მე, სკოლის ავტობუსშიც კი არ გვაჯენდნენ“, - ამის შესახებ მსოფლიოს 10 საუკეთესო მასწავლებელს შორის დასახელებული ლადო აფხაზავა „გურიანიუსთან“ ინტერვიუში ყვება.

როგორც აფხაზავა ინტერვიუში ყვება, 2012 წელს, ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ, გამგებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა.

„როგორც კი ზაზა ურუშაძე მოვიდა (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი „ქართული ოცნებიდან“) მალევე გამიშვა სამსახურიდან. ხელშეკრულებით ვიყავი აყვანილი და შემიჩერეს დაახლოებით ერთ თვეში. იგი ლანჩხუთელი არ იყო და ჩემზე ამბები მიუტანეს,  ზოგი - მართალი, ზოგიც - ტყუილი. იმ პერიოდში დიდი პროექტი მქონდა მოგებული და ახალგაზრდებთან ვმუშაობდი. ხშირად ვხვდებოდი მათ სხვადასხვა პარტიის შეკრებებზე. მათ შორის „ქართული ოცნების“, ნაციონალური მოძრაობის“. ვაკეთებდი გამოკითხვებს, ვწერდით ვიდეოებს და ვატარებდით კვლევებს. დღესაც მაქვს ეს მასალები შენახული და ბავშვებთან მუშაობის დროს ვიყენებ. მაშინ, ურუშაძეს უთხრეს, რომ 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს ვიყავი და ალბათ ეს იყო ჩემი გაშვების ერთ-ერთი მიზეზი. თუმცა, ასე ნამდვილად არ ყოფილა. პოლიტიკაში აქტიურად ჩართული არასდროს ვყოფილვარ. მე ყოველთვის ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებდი - ახალგაზრდებთან ვმუშაობდი. ერთი ფაქტი მახსენდება - 2012 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში ვთანამშრომლობდი ახალგაზრდულ პარლამენტთან. თითქმის ყველა სკოლიდან იყვნენ მოსწავლეები  ჩართული პროექტში. მახსოვს, პარკში შევიკრიბეთ. მაშინ, „ქართულმა ოცნებამ“ ჩათვალა, რომ მათთან პოლიტიკური განხრით ვმუშაობდი. ამ დროს კი ჩვეულებრივი, ახალგაზრდების შეკრება იყო. ეს პროექტი მიზნად ისახავდა ახალგაზრდების გააქტიურებას, სამოქალაქო აქტივობების დაგეგმვა -გახორციელებას. რატომღაც პოლიტიკას მიაწერეს, არადა, არასოდეს პოლიტიკასთან საერთო არ მქონია. მე რომ  პოლიტიკასთან საერთო მქონოდა, ამხელა წარმატებას ნამდვილად ვერ მივაღწევდი“, - იხსენებს მასწავლებელი.

სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, ის თურქეთში წავიდა სამუშაოდ, სადაც ხალიჩების მრეცხავად მუშაობდა.

„თავი რომ მერჩინა, თურქეთში წავედი სამუშაოდ და იქ ხალიჩებს ვრეცხავდი. დარჩენასაც ვაპირებდი, მაგრამ მოსწავლეების სიყვარულმა მძლია და ჩამოვედი, მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში 50 ლარი იყო ჩემი ხელფასი, დღეს კი 300 ლარამდეა. სამაგიეროს გადახდა არ მიყვარს. 3 წლის მანძილზე, ჩვენი საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის ბავშვებს და მე, სკოლის ავტობუსშიც კი არ გვაჯენდნენ, მაგრამ ჯილდოს მიღების შემდეგ აღმოჩნდა, რომ შეიძლებოდა. თან, მაშინ, ლანჩხუთში ახალი მერი ალექსანდრე სარიშვილი მოვიდა და მან ძალიან ივაჟკაცა.  მისი მოსვლის შემდეგ ბევრი რამ დალაგდა ჩემთან მიმართებაში“.

ლადო აფხაზავა მსოფლიოს 10 საუკეთესო მასწავლებლს შორის დასახელდა

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ "გურიანიუსზე"