2020-11-17

როგორ ვიმკურნალოთ კორონავირუსზე და რა არ უნდა გავაკეთოთ სახლის პირობებში

ბოლო დღებში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებული ფიქსირდება. პრობლემები, რომელსაც სპეციალისტები ჯერ კიდევ გაზაფხულზე პროგნოზირებდნენ, უკვე შეიქმნა და ინფიცირებულთა დიდ ნაწილს ბინაზე, დისტანციურად უწევს მკურნალობა.

ვირუსით ინფიცირების რისკების ზრდასთან ერთად, მოსახლეობაში ჩნდება არაერთი შეკითხვა: როგორ უნდა განვასხვაოთ ბანალური გრიპი კორონავირუსისაგან და როგორ უნდა ვიმკურნალოთ სახლის პირობებში, თუკი კოვიდ 19 დაგვიდასტურდება? ამ და სხვა აქტუალურ შეკითხვებზე „ასავალ-დასავალის“ მკითხველს ინფექციური პათოლოგიის, შიდისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ექიმი - ინფექციონისტი, „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ წევრი ალექსანდრე გოგინავა ესაუბრება.

- კორონავირუსით ინფირებულთა რაოდენობა მატულობს. პარალელურად სეზონურად გააქტიურდა სხვა რესპირატორული ვირუსებიც... როგორ უნდა ამოვიცნოთ კორონავირუსის ნიშნები და როგორ განვასხვაოთ კოვოდ 19 სეზონური გრიპისგან?

- კორონავირუსს სხვა ბევრი ვირუსული ინფექციისაგან განსხვავებით, უფრო ხშირად ახასიათებს ფილტვების ანთება და ქვემო სასუნთქი გზების დაზიანება. კორონავირუსი ე.წ. შემპარავი სიმპტომებით იწყება და 8 დღის განმავლობაში ნელ-ნელა იმატებს სიმპტომების რაოდენობა. მითიური მერვე დღე არ არსებობს.  არასწორად არის ინტერპრეტირებული. ზოგადად მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტები, პირველი 8-10 დღის განმავლობაში შეიძლება დამძიმდნენ. სეზონური გრიპი, როგორც წესი იწყება უეცრად და აგრესიულად, შეტევითი ხასიათის სურდოთი, ხველით, ცხვირიში გაჭედვით, ცემინებით და ა.შ. კორონავირუსის შემთხვევაში ხშირია სიცხე, ყელის ტკივილი, მშრალი ხველა, ყნოსვის და გემოვნების დაქვეითება. თუკი სხვა ვირუსები, სამ-ოთხ დღეში უკან იხევენ, კორონავირუსის შემთხვევაში, პირიქით, პირველი სიმპტომებიდან მესამე-მეხუთე დღეს ტემპერატურა იწყებს მატებას, ხველის ინტენსიობა იზრდება, ძლიერდება ზოგადი, საერთო სისუსტე. კორონავირუსს ცემინება და ცხვირიდან ჩამონადენი ნაკლებად ახასიათებს. სუნთქვის გაძნელება და მკერდის უკან სიმძიმის შეგრძნება უკვე მიგავნიშნებს, რომ პაციენტი სპეციალურ დაწესებულებაში არის გადასაყვანი.

- რა უნდა ვიცოდეთ, თუკი სახლის პირობებში მოგვიწევს ვირუსთან გამკლავება და კლინიკაში ჩვენთვის ადგილი ვერ მოიძებენა?

- პირველ რიგში, ყველა ინფიცირებულს ვურჩევ, რომ იყვნენ მშვიდად. ეს იქნება გამოჯანმრთელებისაკენ გადადგმული პირველი და უმთავრესი ნაბიჯი. პანიკა, მძიმე ემოციური ფონი და ნერვიულობა, მხოლოდ დაამძიმებს მათ მდგომარეობას. თუკი ამ ეტაპზე სახლში ტოვებენ მხოლოდ მსუბუქ პაციენტებს, მომავალში შესაძლოა, საშუალო სიმძიმის პაციენტების ბინაზე დატოვება გახდეს აუცილებელი, რადგან შემთხვევების ზრდასთან ერთად, რასაკვირველია შემცირდება საწოლფონდი.

მივმართავ პაციენტებს, ვისაც ბინაზე უხდება მკურნალობა, ყურადღება მიაქციონ, ხომ არ იმატებს სიმპტომები მეხუთ-მეექვსე დღიდან. ყველაზე საყურადღებო სიმპტომია სუნთქვის უკმარისობა. ასეთ შემთხვევში, საჭიროა კლინიკაში მოთავსება, რათა მოხდეს მჭიდრო მონიტორინგი და მკურნალობის სტრატეგიის სიტუაციის მიხედვით განსაზღვრა, შეფასება ლაბორატორიულ კვლევებზე დაყრდნობით.

რაც შეეხება მკურნალობას, არსებობს მარტივი და სასარგებლო ოქროს წესი. ხშირად გაანიავეთ ოთახი, შეინარჩუნეთ სახლის ჰიგიენა და მიიღეთ, მაქსიმალური რაოდენობით სიცხე. ლიმნიანი და მარილიანი ჩაი, ელექტროლიტები ე.წ. რინგერი.

კორონავირუსის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორი კვება სამ-ოთხ საათში ერთხელ. ცილოვანი საკვები, ბოსტნეული, ხორცი, თევზი და ყველა ჯანსაღი, სახლში მომზადებული პროდუქტი, მხოლოდ სასიკეთოდ წაადგება ჩვენს იმუნიტეტს.

კორონვირუსს მივუდგეთ ისე, როგორც სხვა ნესბისმიერ ვირუსს მიუდგებოდით. მსუბუქი და საშუალო სიმძმის პაცენტებს, არანაირი სპეციფიური მკურნალობა არ სჭირდებათ.

- რა სახით შეგვიძლია სითხის მიღება და შესაძლებელია თუ არა გადასხმის გაკეთება სახლის პირობებში კოვიდინფიცირებულთათვის?

- ექიმის დანიშნულებისა და პროფესიონალის მეთვალყურეობის გარეშე, სახლის პირობებში გადასხმის გაკეთება არ არის მიზანშეწონილი. გადასხმის ფუნქციას ჩვენს ორგანიზმში შეასრულებს სითხე, ჩაის თუ ელექტროლიტების სახით, რომელიც ვირუსების გამოდევნაში დაგევხმარება. გადასხმა არ არის აუცილებელი, როდესაც ადამიანი ახერხებს ადექვატური რაოდენობით სითხის მიღებას და ჯანსაღ კვებას. ზოგადად კორონავირუსს ახასიათებს გართულების შეთხვევაში ფილტების ანთებით გართულება და სისხლის შემდედებელ სისტემაზე ზემოქმედება.  დამძიმებულ შემთხვევაში იზრდება თრომბების წარმოქმნის რისკი. შესაბამისად, იმისათვის, რომ თავი დავიცვათ მსაგავსი გართულებისგან, უმჯობესია მუდმივად სტატიურ და მწოლიარე მდგომარეობაში არ ვიყოთ. განსაკუთრებით მოერიდეთ ზურგზე წოლას. უმჯობესია, დღის განმავლობაში მაქსიმალურად იმოძრაოთ და მუცელზე იწვეთ ან გვერდზე იტრიალოთ. პაციენტი უნდა იყოს მოსვენებულ მდგომარეობაში, თუმცა მთელი დღე წოლა, არ არის მისაღები მისი ჯანმრთელობისათვის. ზურგზე წოლის დროს ნაკლებად ხდება ფილტვების ჟანგბადით მომარაგება და ეს პოზა, ფილტვების ანთებას უწყობს ხელს.

- რა შემთხვევაში არის საგანგაშო ტემტერატურა და რა უნდა გამოვიყენოთ სიცხის დამწევ საშუალებად?

- თუკი ტემპერატურა იმატებს, მივიღოთ ჩვეულებრივი სიცხის დამწევები. პარაცეტამოლისა და იბუპროფენის სახით. ეცადეთ რომ დღეში მაქიმუმ ორჯერ მიიღოთ სიცხის დამწევი.

ჰოსპიტალიზაციის საჭიროება შეიძლება დღეს იმ შემთხვევაში, თუკი ტემპერატურა ძალიან მაღალია და არ ემორჩილება სიცხის დამწევ საშუალებებს.

- საინტერესოა თქვენი მოზარება თვითმკურნალობასთან დაკავშრებით... კერძოდ კი, იქნებ გვითხრათ, რამდენად მართებულია ცე და დე ვიტამინების, ცინკისა და მელატონინის მიღება ინფიცირებულთათვის?

- ცე ვიტამინი ზოგადად ანტიოქსიდანტია და ნებისმერი ვირუსული ინფექციის დროს აქვს დადებითი როლი. მისი მიღება კარგია, თუმცა უნდა დავიცვათ სიფრთხილის ზომები. ნებისმიერი ვიტამინისა თუ დანამატის მიღებას სჭირდება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება. როდესაც გარკვეული მედიკამეტების და თუნდაც ვიტამინების მიღებას გადაწყვეტთ, რაც ქართულ თუ უცხოურ საიტებზე არის, თუნდაც დასაბუთებით მითითებული, უმჯობესია თქვენი ანამნეზის გათვალისწინება და ოჯახის ექიმთან კონსუტაცია. ეს ყველაფერი, არის დამხმარე საშუალებები მსოფლიოში, რომელიც ინფექციის მიმდინარეობას ამსუბუქებს. მართალია ამ შეხედულების მართებულება ბოლომდე დამტკიცებული არ არის, თუმცა პრაქტიკაში მრავლად იყენებენ.

- ხშირად ინფიცირებული პაციენტები, უჩივიან ფაღარათს. ამ შემთხვევაში, როგორ უნდა მოვიქცეთ სახლის პირობებში?

- ამ შემთხვევშიც ისე უნდა ვუმკურნალოთ დისბაქტერიოზს, როგორც სხვა შემთხვევაში ვუმკურნალებდით. ორგანიზმისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის გამაღიზიანებელი პროდუქტებისგან. მოერიდეთ მაქსიმალურად მწარეს, მჟავეს, ძალიან ცხიმიან საკვებს, საჭიროა კვების მოწესრიგება და ექიმთან შეთახმებით ნაწლავური ფლორის მოსაწესრიგებლად ენტეროლისა თუ იომოგის მსგავსი პრეპარატების მიღება. ალკოჰოლის მიღება კორონავირუსით ინფიცირებულებისათვის კატეგორიულად აკრძალულია! დაუშვებელია, მკურნალობა მოხდეს პაციენტის  თვითნებური გადაწყვეტილებით.

- სამწუხაროდ, შემთხვევების მატების პარალელურად, მოქალაქეებს უჭირთ ექიმებთან დროული კომუნიკაცია და ამიტომ გეკითხებით დაწვირილებით თვითმკურნალობის გზების შესახებ... რა არის დაუშვებელი მკურნალობის პერიოდში?

- მესმის, თქვენი სურვილი. ეს სტატია, მართლაც შეიძლება გახდეს ბევრი პაციენტისათვის ბინაზე მკურნალობის სახელმძღვანელო, თუმცა ვინაიდან კორონავირუსი ჯერ კიდევ ამუხსნელ მოვლენად რჩება, აუცილებელია მოხდეს თვითმკურნალობისგან თავის შეკავება.

- რამდენად არის შესაძლებელია ზეპირად დანიშნულების მიცემა და ანალიზებისა და ტომოგრაფიის გარეშე პაციენტის მდგომარეობის შეფასება?

- სახლის პირობებში მყოფი პაციენტის დამძიმების შემთხვევაში ან სპეციფიური მკურნალობის დანიშვის საჭიროებით, კვლევების ჩატრება უმიშვნელოვანელია. ეს არის ხარვეზი, რომელსაც ვიმედოვნობ, სახელმწიფო მარტივად გამოასწორებს. ჩემი თხოვნა და რეკომენდაცია იქნება, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე კერძო ორგანიზაციების მიმართ, უზრუნველყონ კადრის გადამზადება, სერვისების დახვეწა, რათა პაციენტებს ბინაზე მომსახურება ხელმისაწვდომი გახდეს და პაცინეტი უაღრესად არ დამძიმდეს. შეიძლება ამ მომენტში არ გვყავს ბევრი ინფიცირებული, რომელიც ბინაზე გადის მკურნალობას, მაგრამ მალე გვეყოლება. ნებისმიერი ექიმისთვის ძალიან რთულია, როცა სატელეფონო კონსულტაციას იძლევი და არ გაქვს ისეთი საბუთი, სადაც პაციენტის სისხლის ანალიზი მაინც წერია.

- საზოგადოება თავს იმშვიდებს, რომ ვირუსმა მუტაცია განიცადა და საკმაოდ დასუსტებულია. რამდენად მარტივად ემორჩილებიან მკურნალობას დღეისათვის?

- ვირუსები ზოგადად მუდმივად განიცდიან მუტაციას და რასაკვირველია, არც კორონავირუსი გახლავთ გამონაკლისი. ვირუსი აშკარად ნაკლებაგრესიულია, ვიდრე მარტის თვეში იყო. იმის გამოცდილება, რომ ვირუსული ინფექციები დროთა განმავლობაში სუსტდებიან, მედიცინაში არსებობს, თუმცა გადაჭრით რამის მტკიცება დღესათვის არავის შეუძლია. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ კორონავირუსი არ არის მკვლელი ვირუსი! სწორი მიდგომის შემთხვევაში მისი დამარცხება სახლის პირობებშიც შესაძლებელია!

 

ესაუბრა მეგი საჯაია

მასალა მომზადებულია "საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის" პროექტის - "უსაფრთხო გარემო, ჯანმრთელი მომავალი" - ფარგლებში

რჩევები