2020-03-18

“ბავშვებისთვის, Covid 19 წინააღმდეგ ერთადერთი ვიტამინი და წამალი, დღესდღეობით მხოლოდ იზოლაციაა“, - საკუთარი ქვეყნის მაგალითზე, გამოცდილებას „მშობელს“ იტალიელი პედიატრი ანალიზა პრეტი უზიარებს.

როგორც პედიატრი აღნიშნავს, ვირუსი შედარებით ლოიალურად რეაგირებს ბავშვების მიმართ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი უყურადღებოდ დავტოვოთ.

„კორონავირუსი ნებისმიერი ასაკის ორგანიზმში თანაბრად ვრცელდება, მაგრამ ახალგაზრდა იმუნიტეტი სხვაგვარად რეაგირებს. მსოფლიო სტატისტიკიდან გამომდინარე, უკვე ნათლად აღინიშნება Covid 19-ის ლოიალურობა პატარებში და სისასტიკე მოზრდილ ასაკში. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ პატარები უყურადღებოდ დავტოვოთ.

პედიატრი რეკომენდაციას არ უწევს ბავშვებში პირბადის გამოყენებას, რადგან ბავშვებს ჰიგიენის დაცვა უჭირთ.

„პირბადის ბავშვისთვის გაკეთებას არანაირი აზრი არ აქვს, რადგან ბავშვები ვერ ახერხებენ ჰიგიენის დაცვას შესაბამისად, ნებისმიერ საგანთან კონტაქტის შემდეგ მარტივად აღმოჩნდება პირის ღრუში ვირუსი, უმჯობესია, ამ დროს პატარების  ჰიგიენას  სრული ყურადღება მიექცეს. პირველი მთავარი რეკომენდაცია მათი დაცვისთვის არის გარე სამყაროსგან სრული იზოლაცია. ერთადერთი ვიტამინიც და წამალიც დღესდღეობით Cocid 19 წინააღმდეგ იზოლაციაა“.

ანალიზა პრეტის თქმით, ვირუსის პირველი სიმპტომი, როგორც ბავშვებში ისე მოზრდილებში არის - არანაირი სიმპტომი!

„შემდეგ მოდის მხოლოდ ხველება, სიცხე, გახშირებული სუნთქვა, სურდო და ყველა დანარჩენი სიმპტომი, რაც ნებისმიერ დანარჩენ ვირუსს ახასიათებს“.

რაც შეეხება მუცლადმყოფ ბავშვებს, ექიმის ინფორმაციით, ნაყოფს ვირუსი არ ეკარება, რადგან პლაცენტა covid19 მოლეკულის შეღწევისგან სრულიად იცავს.

"რძის გადაცემის პროცესშიც იგივე პროცედურა მიმდინარეობს. ძუძუთი კვებაზე მყოფი დედის ორგანიზმი, (ანტიკორპს) იმუნიტეტს გამოყოფს და ბავშვს რძის მიწოდების გზით გადასცემს. იტალიაში ამჟამად ორსულად მყოფ ასი ათასი ორსულოდან, მხოლოდ ერთს გაუმძაფრდა მდგომარეობა და 35 კვირაზე საკეისრო ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამად ბავშვიც და მშობელიც გამოჯამრთელებულნი არიან".

 

ციცი ხაბელაშვილი, სპეციალურად "მშობელისთვის"

 

რჩევები