2019-11-04

ლადო გოგოლაძე ჟურნალისტია, ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი. ის თვლის რომ მისი მთავარი წოდება, ორი ულამაზესი გოგონას მამობაა. ლადო იმ მამების კატეგორიას მიეკუთვნება, ვინც შვილების აღზრდაში სრული დატვირთვითაა ჩართული, თუმცა დღეს მის ერთ განსხვავებულ მხარეზე გიამბობთ. ლადო შვილებს წერილებს უწერს და უნახავს.

როგორც ის „მშობელს“ უყვება, ამის მიზანია შვილებს ის მნიშვნელოვანი მომენტები შეუნახოს, რაც მათ თავად არ ემახსოვრებათ.

სანამ ნისიმე გაჩნდებოდა, ლადო მხოლოდ ერთ გოგონას, ნენეს წერდა წერილებს, ახლა ნისიმეც არსებობს მის ცხოვრებაში და ორ-ორი წერილის დაწერა უწევს.

„ნენე უკვე 8 წლისაა და ნისიმე მხოლოდ 6 თვის, თუმცა ეს არ მიშლის ხელს რომ ჩემს გოგოებთან ვიმეგობრო და ისევე ვისწავლო მათგან უამრავი რამ, როგორც მე ვასწავლი მათ“.

- საიდან გაჩნდა წერილების იდეა?

-  თავიდან იყო ბლოგი - "წერილები ნენეს".  ერთ დღეს მე და ნენე მივდიოდით ბაღში და 4 წლის ნენემ მკითხა თავის პატარობის გარკვეულ ეპიზოდზე, რომელიც სამწუხაროდ აღარ მახსოვდა და მივხვდი რომ რაღაც ფორმით ეს უნდა გამომესწორებინა. იმავე დღეს დავიწყე წერილების წერა, რომელსაც არავითარი ლიტერატურული პრეტენზია არ აქვს. წერილების ერთადერთი მიზანია, დიდ ნენეს გაახსენოს თავის ბავშვობა.

- გაქვს თუ არა განსაზღვრული პერიოდი, როდემდე აპირებთ წერას?

- თავდაპირელად ვთქვი, რომ მანამ მივწერდი წერილებს, ვიდრე პირველ წერილს არ წაიკითხავდა, თუმცა იმდენდად სასიამოვნო პროცესია წერილების წერა, რომ პირობა დავარღვიე და კიდევ ვწერ, როდემდე დავწერ არ ვიცი, იმდენად ტკბილი პროცესია მათთვის წერა, რომ მინდა უსასრულოდ გაგრძელდეს.  ნენეს უკვე 51 წერილი აქვს. ნისიმე როცა გაჩნდა, უკვე ვიცოდი რომ მასთან ერთად გაჩნდებოდა ახალი ბლოგი -  "წერილები ნისიმეს" და ასეც მოხდა. ახლა ორივე ბლოგს ვუვლი და ჩემ პატარა გოგოებს ამ ფორმით გადავცემ თავის ბავშობას.  როგორც წესი, დაწერილ წერილს სოციალურ ქსელში ვაზიარებ. შეიძლება ვინმე, ვინც ხედავს ფიქრობს რომ წერილი ძალიან ინტიმურია და მხოლოდ ორი ადამიანი უნდა კითხულობდეს დამწერი და ადრესატი, თუმცა ეს სხვა ტიპის წერილებია. იქ მხოლოდ ორი ლამაზი გოგოს - ნენეს და ნისიმეს -  ბავშური ონავრობები ჩანს და ხანდახან ჩემი დარიგეგებიც.

- რას გადმოსცემთ წერილებში, რა მოლოდინი გაქვთ როცა წაიკითხავენ?

- წერილებში მხოლოდ მათი ცხოვრების ის ეპიზოდებია, რომელიც მათ არ ემახსოვრებათ და ამ ფორმით გაიხსენებენ. სხვა დანიშნულება ამ წერილებს არც აქვს. რაც შეეხება მოლოდინს, ერთ წერილში ნენეს მივწერე რომ როცა წაიკითხავს, თუნდაც არ მოეწონოს არ მითხრას, თუმცა ვფიქრობ რომ გაუხარდებათ. მთელი საკუთარი ბავშვობის წაკითხვის საშუალება ექნებათ. ნენე ცოტა დაიჩაგრა და 4 წლიდან ეცოდინება თავის ულამაზესი ბავშობის შესახებ, ნისიმეს გაუმართლა. დეტალურად ეცოდინება როდის რა საჭმელი გასინჯა, როდის ვათენეთ ერთად ღამე, როდის დავაძინე პირვლად და სხვა. როცა წერილს ვწერ, რაღაც ფორმით ჩემ გოგოებს ვეფერები. ყველა წერილი მარტო მაქვს დაწერილი, სხვისი თანდასწრებით ვერ დავწერ, რადგან წერის დროს, როცა ნენეს ან ნისიმეს ქცევას ვიხსენებ, რომელიც წერილში უნდა მოვუყვე, ხმამაღლა ვამბობ -  ჩემი "გადარეული გოგო", "ჩემი დღლუმბურჯა", "ბადღაჯუნა ბავშვი" და ათას რამეს. იმ მომენტში ვინმე რომ მყავდეს გვერდით ალბათ შემრცხვება ამ ემოციების გამოხატვა. "დღულმბურჯა" და "ბადღაჯუნა" ჩვენი სახელებია. თავიდან ნენეს ერქვა, მაგრამ ახლა რომ ვაკვირდებით ნისიმეც ნელ-ნელა ხდება დღულმბურჯაც და ბადღაჯუნაც. ვცდილობ ყველა წერილში მხოლოდ დადებით ფაქტებზე ველაპარაკო, ცუდი ისეთი რამეა რომ რაღაც ფორმით მაინც რჩება ცხოვრებაში, ამიტომ მინდა უფრო მეტი კარგი ახსოვდეთ. ყველაზე დიდი საჩუქარი ჩემთვის ის იქნება და ვიტყვი რომ წერილებმა მიზანს მიაღწია, დიდი ნენე და დიდი ნისიმე, თავის შვილებს თუ წერილს მიწერენ.

- რა დოზით ხართ ჩართული შვილების აღზრდაში?

- ალბათ სრული დოზით. ძალიან ცუდია როცა მამების მიმართ ეს კითხვა ჩნდება. ვფქირობ, როგორც დედა, ისე მამა ერთნაირად უნდა იყვნენ ჩართული შვილების აღზრდაში. გარდა ბუნებრივი კვებისა, არაფერია ისეთი, რასაც მამა ვერ შეძლებს, თუ პირველივე დღიდან არ იყო მამა შვილების აღზრდაში ჩართული, ისე მალე იზრდებიან ბავშვები რომ მერე ცოტა რთული იქნება დაახლოება. შვილების აღზრდაში მონაწილეობა უდიდესი სიამოვნებაა, ალბათ ყველაზე კარგი საქმეა, რაც ოდესმე გამიკეთებია და რასაც მომავალში გავკეთებ. მე და ჩემი მეუღლე ყველაფერს ერთად ვაკეთებთ, რითაც ერთმანეთს შრომას ვუმსუბუქებთ და რაც მთავარია ჩვენი პატარები ხედავენ რომ დედა და მამა ორივე ჩართულია მათ აღზრდაში. ჩვენთან სახლში, საქმეს აკეთებს ის, ვინც საქმესთან ახლოსაა. გარკვეულ სოციუმში "ტეხავს" მამა, რომელიც შვილს პამპერსს უცვლის, ბანს, ამეცადინებს და ა.შ. რატომღაც ეს ყველაფერი ქალის საქმედ მიიჩნევა. გარდა ამისა, თუ მამაკაცი არ მოუვლის ბავშვს, ამის გამო იშვიათად რომ ვინმე გააკრიტიკოს (სამწუხაროდ ამ გარემოებით ბევრი მამა ბოროტად სარგებლობს),   მაშინ როცა ქალს ვალდებულებას ჰკიდებენ რომ მოუაროს ბავშვს. კი, ბავშვის მოვლა ნამდვილად ვალდებულებაა, თუმც როგორც დედისთვის, ისე მამისათვის. სამწუხაროდ, ძალიან ხშირია, როდესაც კაცებს მხოლოდ "ბანკომატის" როლი აქვთ სახლში. ეს გაუცხოებას იწვევს ბავშვსა და მამას შორის.

-  ქართველი მამების უმეტესობას, აუცილებლად მიაჩნია ვაჟის ყოლა. თქვენ რა აზრის ხართ?

- ვფიქრობ, როცა სქესს უსვამენ ხაზს ამით საკუთარ შვილს აყენებენ დიდ შეურაცხყოფას. ჩემთვის მთავარია რომ შვილი იყოს ჯანმრთელი და სქესი აბსოლუტურად მეორეხარისხოვანია. როცა გავიგეთ რომ მეორეც გოგო გვეყოლებოდა, რატომღაც ზოგმა ჩათვალა რომ ჩემთვის თანაგრძნობა უნდა გამოეხატათ და მამშვიდებდნენ, მესამე იქნება ბიჭიო. არ ვიცი წაიკითხავენ თუ არა ამას, მაგრამ იცოდნენ რომ თუ მესამეც, მეოთხეც და მეხუთეც იქნება გოგო, ამით მხოლოდ ძალიან ბედნიერი ვიქნები. ვერ წარმომიდგენია, ნენეზე და ნისიმეზე საყვარელი ვინ შეიძლება იყოს. ჩემი ორი გოგოს სახით, ყველაზე დიდი განძის მფლობელი ვარ მსოფლიოში.

- რას ურჩევდი სხვა მამებს

- არ მიყვარს როცა ვინმეს ვარიგებ. ჩემ გოგოებსაც კი, მხოლოდ რჩევის სახით ვაძლევ დარიგებებს და მათი ნებაა გაითვალისწინებენ თუ არა.  სხვა მამებსაც ვეტყოდი რომ სჯობს იმეგობრონ საკუთარ შვილებთან. მისცენ საშუალება რომ მათ თავისი ოცნებების ახდენისკენ ისწრაფონ. ნუ ვეცდებით მშობლები, ჩვენი ოცნებების შვილში განხორციელებას, თორემ შვილებს დავუნგრევთ მომავალს. ჯობს, შვილის ოცნება მივიღოთ ჩვენად და მათ შევუწყოთ ხელი რომ ის ოცნებები აიხდინონ. ჩემი უფროსი ქალიშვილი 8 წლისაა და გულწრფელად ვიტყვი, რომ 8 წლის მანძილზე, მისგან უფრო მეტი ვისწავლე, ვიდრე პირიქით. ნენემ მასწავლა როგორ შეიძლება გიყვარდეს ცხოვრება, როგორ შეიძლება იყო მცირედითაც კმაყოფილი, გულწრფელი, ლაღი და სხვა.  პატარები საუკეთესო მასწავლებელები არიან, გაკვეთილებს ყოველგვარი ანგარების გარეშე გვიტარებენ, თან ისეთი წრფელები არიან, სჯერათ რომ ვისწავლით და ამ გაკვეთილის ჩაბარებას აღარ გვთხოვენ. მოვუსმინოთ ჩვენ შვილებს, მათი ყველა აზრი, რომელიც ჩვენ ხშირად უმნიშვნელო გვგონია, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ასე მივიღოთ, ვესაუბროთ როგორც სრულფასოვან ადამიანებს და ამით დავეხმარებით საკუთარი თავის რწმენა მივცეთ მათ.  ალბათ ამით უნდა დამეწყო, მაგრამ ბოლოს ვიტყვი, მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს მეუღლეს რომელმაც მომცა საშუალება ვიყო მამა.