ალბათ გახსოვთ, შვილიშვილმა ბაბუს ოცნება რომ აუსრულა და ზღვა ანახა, ხოდა ახლა კიდევ ერთმა შვილიშვილმა, თეონა ახალაიამ აუსრულა ბებოს ოცნება და 81 წლის იუბილე McDonalds-ში აღუნიშნა.
როგორც თეონა ყვება, ბებოს ძალიან უნდოდა გაეგო რა იყო მაგდონალდსი და გაესინჯა იქაური ნაყინი.
ბებოს შვილიშვილმა კიდევ ერთი ოცნება აუსრულა და დიდი ხნის უნახავ ქალაქში გაასეირნა.
"გუშინ ოცნებებზე და წარსულზე ბევრი ვისაუბრეთ, ის ვერ მიხვდა, რომ ოცნებასთან შესახვედრად ვამზადებდი... დილით გავაღვიძე! აბა, ჩაიცვი, მივდივართ-მეთქი. გამოიპრანჭა! მისი საყვარელი კაბა ჩაიცვა. აინტერესებდა რა ხდებოდა! სულ ღამე ვულოცავ, რომ არ მივულოცე, დილით ცოტა მოღუშული სახე ჰქონდა. რამდენი კითხვა მომაყარა, სანამ არ მივედით ვერაფერი გაიგო...
თურმე, მისი ყველაზე დიდი ოცნება სწავლის გაგრძელება ყოფილა. არ დაგავიწყდეთ, რომ ბრწყინვალე მოსწავლე იყო და მის ატესტატს ახლაც სათუთად ინახავს. წუხს, რომ ვერ მოახერხა სწავლის გაგრძელება. ყველა საგანში ფრიადი მქონდა, მხოლოდ რუსულში გამომერია ოთხიანი (იცინის), ახლაც არ ვიცი, ეგ ოხერი ენა ხუთებზე-ო! აი, თურმე უცხოენების უნიჭობაში ვის ვგავარ, არცერთი არ ვიცი საუკეთესოდ.
აღმოჩნდა, რომ კიდევ ჰქონია ოცნება, არასდროს ვყოფილვარ კაფე-ბარში და ყოველთვის მინდოდა შევსულიყავი და მეც სხვებივით გამორჩეული დღე მქონოდა. მანამდე ვსწავლობდი, მერე გავთხოვდი ჩაის კრეფაში და შვილების გაზრდაში ვიყავი. ვინ წამიყვანდა სადმე?! ვეკითხები კიდევ, კიდევ, რა ოცნება გაქვს-თქო, მეუბნება, რათ მინდა გახსენება არასდროს ამისრულდებაო. რა იცი რა ხდება-მეთქი. მაშინ, განაგრძნო - ბებია, ის რა არის, "მაგდანსია" თუ "მაგდონისი" (მაკდონალდს გულისხმობს), ეგ მაინტერესებს. ყველა რომ დადის ნაყინის საჭმელად. ნეტავ, როგორი გემო აქვს იქ ნაყიდ ნაყინს?! (ნაყინი უყვარს გაგიჟებამდე), ალბათ ეს არის ოცნება, მეტს ვერ ვიხსენებ. ჩემი მთავარი ოცნება კი ახლა, თქვენი, ჩემი 4 შვილის, 2 შვილივით საყვარელი რძლის და 8 შვილიშვილის კარგად ყოფნა და მერე ხოთოსთან (გარდაცვილი მეუღლე) მალე შეხვედრა იქნებაო!.
დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, მისი გაოცებული და ბედნიერი თვალები რომ ვნახე! სულ იმას იმეორებდა - "ბები, მა საონჯღორო დედიბი, ქუვორექო თესხე პატივისცემაშ ღირსი?!" -ბებო, მე სამარცხვინო მოხუცი, ვარ ამხელა პატივისცემის ღირსი-ო?! მისთვის ეს პატარა ყურადღება თუ ოცნებასთან შეხვედრა ყველაზე დასამახსოვრებელი და ლამაზი დღე იყო!
კი დამიბერდა მაგრამ ძალიან კარგად არის. მადლობა ღმერთს! ღმერთმა დიდხანს და ჯანმრთელად მიმყოფოს მისი თავი. ბებოებს და ბაბუებს ყველაზე ლამაზი და ტკბილი ბავშობის მოგონებები უკავშირდებათ... რაც ჩემთვის ყველაზე ძვირფასი წლებია... ვერ შეველევი...!", -წერს თეონა.
არ დავარღვიოთ ჯაჭვი და ავუსრულოთ ბებია-ბაბუებს ოცნებები.