2018-01-29

 

რა მარტივია, რომ დაფიქრდე, ჩემო ბართლომე,

რა მარტივია, რა სადაა, რა უბრალოა,

დავწვათ წიგნები-უსარგებლო და უბრაილო,

არაფრისმთქმელი, რადგანაც ვართ უსინათლონი.

რა მარტივია, რომ ადგე და გამოერიდო,

ამ ძირგამომპალ, უმოქმედო მეამბოხეებს

და ყველაფერი სარკის ნაცვლად უამბო ხეებს,

ვიყოთ მარტონი, სულ მარტონი, ამიერიდან.

რა მარტივია, მხოლოდ ხმები, მხოლოდ ბგერები,

ანუ ხედავდე მხოლოდ იმას, რასაც ისმენდე;

ფეზხე გეკიდოს ყველა სახის დოღი, ისინდი,

როცა ცხენები ფლოქვების ხმას გააჟღერებენ.

რა მარტივია, ვერ ხედავდე, ჩემო ბართლომე,

ათიათასგვარ სიბინძურეს დღეს შენს გარშემო,

რომ ხსოვნის მიღმა უნებლიედ გადააშენო,

რაც კი გინახავს ამდაგვარი და წარმართული.

რა მარტივია, რომ დაფიქრდე, ჩემო ბართლომე,

რა მარტივია, რა სადაა, რა უბრალოა,

დავწვათ წიგნები-უსარგებლო და უბრაილო,

არაფრისმთქმელი, რადგანაც ვართ უსინათლონი...

 

გიორგი ბალახაშვილი - კრებულიდან "დუმილის დასარღვევად"

 

ლიტერატურა