უსინათლო და მცირემხედველ IV-VII კლასის მოსწავლეებს აუდიო ფორმატის სახელმძღვანელოებით სწავლის შესაძლებლობა ექნებათ და პანდემიის პირობებში სრულფასოვან განათლებას მიიღებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აუცილებელია, უსინათლო მოსწავლეებისთვის მაქსიმალური დამოუკიდებლობა და სოციალური ინტეგრაცია უზრუნველყოფილი იყოს.
"სამინისტროს მხარდაჭერით, აუდიო ფორმატში IV-VII კლასის ყველა გრიფირებული სახელმძღვანელო ინტეგრირდება. შედეგად, გახმოვანებული წიგნებით ისარგებლებენ არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ დაინტერესებული პირებიც, რადგან სახელმძღვანელოები სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზეც განთავსდება. სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს მთავრობის სრული მხარდაჭერით, გრიფირებული სახელმძღვანელოების აუდიო ფორმატში გადაყვანის შესყიდვას სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო განახორციელებს. შესაბამისად, ახლო მომავალში, უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეები უმნიშვნელოვანესი სასწავლო რესურსებით იქნებიან უზრუნველყოფილი. განათლების ხარისხის ყველასათვის თანაბარი ხელმისაწვდომობა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მხრივ სამინისტროს უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, მოსწავლეთა საგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფა, რათა მოხდეს ბავშვის რაც შეიძლება სრულად ჩაბმა სოციალურ ცხოვრებაში და მიღწეულ იქნეს მისი პიროვნების, მათ შორის კულტურული და სულიერი განვითარება. სწორედ ამ მიზნით, უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეებს სამინისტრომ ბრაილის შრიფტით აწყობილი და რელიეფური ნახატებით დაბეჭდილი ახალი გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოები უკვე გადასცა. აღნიშნული რესურსებით მოსწავლეებს ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა აქვთ როგორც ტექსტის სახით, ასევე, სახელმძღვანელოებში მოცემული ვიზუალური მასალების ტაქტილური შეხებითაც. სულ მალე კი მოსწავლეებს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების აუდიო ვერსიაც ექნებათ, რაც პანდემიის პირობებში, მათ სასწავლო პროცესში ეფექტურ ჩართულობას ხელს შეუწყობს. სამომავლოდ კი, სახელმძღვანელოების აუდიო ფორმატში გადაყვანა, ეტაპობრივად გაგრძელდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.