2020-11-27

  

თბილისის საბავშვო ბაღებისთვის განკუთვნილ ჩაის შეფუთვებში, მშობლებმა მატლები აღმოაჩინეს.

შესაბამისი ფოტომასალა, „მშობელს“ ერთ-ერთმა მშობელმა მიაწოდა და აცხადებს, რომ შეფუთვა ვადიანია.

„ჩაის შეფუთვაზე ვადა 2022 წლამდე აქვს, თუმცა შიგნით მატლებია. იმ შეფუთვას, რომელშიც მატლი არ იყო, ან იყო და ვერ შევამჩნიეთ, საშინელი მწარე გემო ჰქონდა. გაოცებული ვარ. სახლში რომ არ დაერიგებინათ, ხომ ვერასდროს გავიგებდი, რას ასმევდნენ ჩვენ შვილებს ბაღში?!“, - აცხადებს ერთ-ერთი მშობელი, რომელსაც ვინაობის დასახელება არ სურს, თუმცა „მშობელს“ ჩაის ის შეფუთვა გადასცა, რომელშიც მატლი იპოვა.

აღსანიშნავია, რომ საკითხზე გამოკითხვის ჩატარების შემდეგ, ეს ერთადერთი შემთხვევა არ აღმოჩნდა და ანალოგიურზე სხვა მშობლებიც საუბრობენ.

გარდა ამისა, მშობლები ჩივიან, რომ აბსოლუტურად გამოუსადეგარია ბარდა და შვრიის ფანტელი.

„ბარდა რომ მოხარშო, ორი დღე ჭირდება და მერეც კი არაფრის გემო არააქვს. ამას აჭმევენ ჩვენ შვილებს?! ასევე დიდი დრო უნდა შვრიის ფანტელის, ე.წ. გერკულესის მოხარშვას და თუ ძალიან გაიჭირვებ, შეიძლება შეჭამო. ყველი წესით ნახევარი კილო უნდა იყოს, რეალურად კი ძალიან პატარა ნაჭერი იდო, ისიც რეზინასავით იწელები, ყველაფერია ყველის გარდა“.

მშობლებს კითხვა აქვთ ზეთთან დაკავშორებითაც, რომელიც წინა სასწავლო წლიდან ყოველ ჯერზე რიგდებოდა, ბოლო ეტაპზე კი ბავშვებისთვის განკუთვნილ შეფუთვაში არ აღმოჩნდა.

„ზეთი ამოაკლეს. მარტივი მისახვედრია რომ მიზეზი გაძვირებაა, მაგრამ გაძვირება ხომ მშობლებსაც შეგვეხო, ახლა ბევრად საჭირო იყო ეს ჩვენთვის. რატომ ამოიღეს, ბაღი რომ არ დაკეტილიყო, საჭმელს ზეთის გარეშე მოამზადებდნენ?!“, - კითხულობენ მშობლები.

უნდა აღნიშნოს, რომ გამოკითხვაში არიან როგორც უკმაყოფილო, ისე კმაყოფილი მშობლებიც, რომლებიც თბილისის მერს, ინიციატივისთვის მადლობას უხდიან.

„მადლობელი უნდა იყოთ იმის, რასაც გაძლევენ. რომ არ დაერიგებინათ, ვის მოსთხოვდით, ვერავის. ამიტომ მერის ეს ინიციატივა ძალიან კარგია“.

ინიციატივის დადებით მხარეზე ბევრი არ დაობს, თუმცა მშობლები აღნიშნავენ, რომ პროდუქტის თანხა ბიუჯეტიდანაა გამოყოფილი, რომელიც მათი გადასახადებით ივსება, ამიტომ მერიამ კონტროლი უნდა გაამკაცროს.

„კი არ გვაჩუქეს ეკუთვნით ბავშვებს, დამტკიცებული ბიუჯეტია, რომელიც ვადაგასულ და უვარგის პროდუქტში იხარჯება“.

გამოკითხულთა შორის აღმოჩდნენ ისეთებიც, ვინც ბაღების მუშაობის განახლების შემთხვევაში, შვილის კერძო ბაღში გადაყვანაზე ფიქრობს.

„თუ სახელმწიფო ბაღი ასეთ კვებას უზრუნველყოფს, იძულებული გავხდები კერძოში გადავიყვანო. რას აჭმევენ, ან როგორ, ზოგი ჭირი მარგებელიაო ამბობენ, ბაღები რომ არ დაკეტილიყო და პროდუქტები სახლში არ დაერიგებინათ, ალბათ ვერც ვერასდროს გავიგებდით, რას ჭამდნენ ჩვენი შვილები“.

მშობლები, მერიას მიმართავენ თხოვნით, გააკონტროლოს პროდუქტის ხარისხი და გაფუჭებული პროდუქციისთვის, პასუხი აგოს შესაბამისმა კომპანიამ.

„მშობელი“ ზემოთჩამოთვლილი კითხვებით, ბაღების მართვის სააგენტოს დაუკავშირდა. მათ პოზიციას პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.  

დღის ამბები