2020-02-20

ადამიანის ცხოვრება კონკრეტული ეპიზოდებისგან შედგება. რამდენი წელიც უნდა იცოცხლო, ცხადად მხოლოდ ის გახსოვს, რამაც გაგზარდა, რამაც შენს ცნობიერებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

ეს ეპიზოდები, როგორც წესი, უსიამოვნო ამბებს უკავშირდება და მერე ან ეგუები მათ, ან ცდილობ, რაღაც შეცვალო. ხან გამოგდის, ხან – არა.

ჩემს 14 წლის თანაკლასელზე ჭორი სკოლაში გაზის სუნივით სწრაფად გავრცელდა. ერთ დღესაც, პირველი გაკვეთილის დამთავრების მაუწყებელი ზარი რომ დაირეკა, გოგოებმა ანუნას ზურგი შეაქციეს, მასწავლებელმა, ცოტა არ იყოს, აგდებულად და უხეშად მიმართა, ბიჭებმა კი საპირფარეშოში სიცილით მითხრეს, ანუნა ცალფეხამ გააფუჭაო (ცალფეხას ჩვენზე ერთი წლით უფროს ბიჭს ვეძახდით, რადგან „კაი ტიპობის“ დასტურად ბიძამისის ჯოხით დადიოდა დროდადრო).

„გაფუჭებას“ ორი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის: ვინმე „ბურაში“ წაგებულ შოკოლადებს რომ არ მოიტანდა და რომელიმე გოგოს ინტიმური თავგადასავალი რომ გასაჯაროვდებოდა.

ანუნა ჩვენს კლასში ყველაზე მხიარული იყო. ოდნავ გულუბრყვილო, ოდნავ ცეტი, ზომიერად ხმამაღალი და ასატანად კეკლუცი, მაგრამ ანუნა იყო ბავშვი, უმამოდ გაზრდილი ბავშვი, რომელსაც გამორჩეულად კარგად ეცვა.

მახსოვს, იმ ავად სახსენებელ წლებში კარგად ჩაცმა რა მსუყე საბაბი იყო ადამიანის დისკრიმინაციისთვის. ბიჭები ახალ ბოტასებს განზრახ იძველებდნენ, ახალ ქურთუკებს გლეჯდნენ, გაუცვეთელი „პაპკით“ სკოლაში მისვლა კი დიდ სირცხვილად ითვლებოდა. სასწავლო წლის პირველსავე დღეს სკოლის „ბრიზგიან“ კედლებზე გავუსვამდით ხოლმე ახალთახალ დერმატინს და მერე მთელი წელი კუთხეებდაგლეჯილი ჩანთებით ვისხედით გაყინულ ოთახებში.

ანუნას ამბავი კვირის მთავარ თემად იქცა. მეორე დღეს გოგო სკოლაში აღარ მოვიდა. მთელი კლასი, იქნებ მთელი სკოლაც ველოდით მის გამოჩენას და, აი, მომდევნო სამშაბათს გამოჩნდა. დედასთან ერთად.

ბიჭები სკოლის ეზოში ვიდექით. ცალფეხაც ჩვენთან ერთად იდგა. რაღაცნაირად ამაყად დახარა თავი, როცა გვერდით ჩაგვიარეს და ანუნას დედამ გამოგვხედა. ქალი და ბავშვი სკოლაში შევიდნენ და დედა გაკვეთილების ბოლომდე ელოდა გოგოს, რომელიც საკლასო ოთახში, წინა მერხზე, (მოგვეჩვენა, რომ) გაფითრებული, მისთვის უჩვეულოდ წყნარად იჯდა.

მოგვიანებით საპირფარეშოში ვმსჯელობდით, რატომ იყო გაფითრებული ანუნა. პარალელურკლასელები ამტკიცებდნენ, ორსულად იქნებაო, ჩემი კლასელები –რამეს „აიკიდებდაო“. ბოლოს იქვე მდგომმა უფროსკლასელმა ჩაიცინა, ღლაპები ხართ, არ იცით, პირველ ჯერზე სისხლს რომ კარგავს ქალი – ამიტომაცაა გაფითრებულიო.

მერე გავიგე, რომ ცალფეხა მომხდარს დეტალებში ჰყვებოდა. ანუნას ბინის ტელეფონის ნომერიც მან გაავრცელა და ვისაც არ ეზარებოდა, გოგოსთან რეკავდა „დასაკერად“.

მალევე მიგვავიწყდა ეს ამბავი, მაგრამ ანუნას მიმართ დამოკიდებულება შეგვეცვალა. ბიჭები ვიყავით ოდნავ აგდებულები, მასთან არასოდეს ვერიდებოდით ბილწსიტყვაობას, გოგოების ნაწილმა ცხვირი აუბზუა, სხვაკლასელები კი დერეფანში უხამს სიტყვებს მიაძახებდნენ ხოლმე. თუმცა მანამდე იყო ყოვლად სამარცხვინო კლასის სასამართლო. ბავშვებმა საჯაროდ განვიხილეთ, მოგვეთხოვა თუ არა მისი სხვა კლასში გადაყვანა. ანუნა ამ განხილვას არ დასწრებია. მაშინ – არ ვიცი, იმიტომ, რომ გამორჩეულობა მინდოდა, არ ვიცი, იმიტომ, რომ მართლა ასე ვფიქრობდი – ვთქვი, რომ არ მჯეროდა, რასაც აბრალებდნენ. ორიოდე თანაკლასელმაც ამიბა მხარი. მაგრამ არავის მოგვსვლია აზრად, გვეთქვა, რომ ეს ჩვენი საქმე არ იყო. ჩვენ, საბჭოთა პერიოდში დაბადებულმა ბავშვებმა, ასე ვიცოდით, ასე გვესმოდა, ასე გვასწავლეს: ან უნდა გაკიცხო, ან მიუტევო. ის კი ყველას დაგვავიწყდა, რომ სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფაც ისეთივე დანაშაულია, როგორიც დაძრახვა ან „პატიება“.

გაფითრებული პირველ მერხზე რომ დაჯდა, იმ დღეს თუ არ ჩავთვლით, ანუნა დიდად არ შეცვლილა: ისევ იყო მსუბუქად ცეტი და ასატანად კეკლუცი, ისვამდა პომადას და ზედმეტად ბევრ ფერუმარილს, დადიოდა მოკლე, მოკლე კაბით და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით და ყოველთვის ესხა მძაფრი სუნამო – როგორც თვითონ ამბობდა, დედის.

მახსოვს, სადღაც დეკემბრის შუაში, გაყინულ დერეფანში, სპორტდარბაზის მხარეს, სადაც მასწავლებლები იშვიათად გამოივლიდნენ ხოლმე, ვიდექით მე და ჩემი კლასელი. კლასში შესვლას ვაგვიანებდით და ფილმებზე ვლაპარაკობდით. უცბად კლასელმა გაცხარებული მოყოლა შეწყვიტა და გაშეშდა, ძაღლი რომ დაინახავს კატას და შეშდება, ისე; აიჯაგრა და მეუბნება: „ახლაც არ გჯერა, ბიჭო? აგე, შეხედე“.

სპორტდარბაზის მხარეს, ეზოში, ცალფეხამ და ანუნამ ჩამოიარეს. ბიჭს უხერხულად გადაეხვია ხელი. ანუნა უფრო თამამი იყო. არც არაფერი. ჩაიარეს და სკოლის შესასვლელისკენ წავიდნენ, მეტი აღარაფერი დაგვინახავს. ან რა იყო დასანახი?
რა უნდა მეთქვა, ვიდექი ტუჩებმოპრუწული, ცოტა იმედგაცრუებულიც. მენანებოდა ეს კოხტა გოგო ამ ბიჭის გვერდით, მაგრამ ხმამაღლაც ვერაფერს ვამბობდი.

მხარზე ხელი რომ დამადეს, ავუკარი. ამ ჩემმა კლასელმა იცოდა ხოლმე – გადაგხვევდა და დაგეკიდებოდა ზედ. დამრიგებელი კი შეგვრჩა. ცოტა მახსოვს ასეთი კეთილშობილი და გონიერი მასწავლებელი. იყო გამორჩეულად მიმტევებელი და მოსიყვარულე. იმდენად კარგი პიროვნება, რომ მისი ხათრით ვსწავლობდით სხვა საგნებსაც.

ჩემი კლასელი ბიჭი გაიქცა, მაგვიანდებაო. მე შემოვრჩი და ნახევრად ბნელ დერეფანს ერთად გავუყევით საკლასო ოთახისკენ.

მაშინ მითხრა მასწავლებელმა ძალიან საგულისხმო რამ. მითხრა ბავშვს და მითხრა გასაგებად: „ერთი რამე იცოდე, გურამ: ამ ქვეყანაში ქალებს მეტად უჭირთ ცხოვრება და ნუ დაემსგავსები სხვებს, ეცადე, ჩვეულებრივი ადამიანი იყო“.

მერე მე სკოლა შევიცვალე. ახალ კლასში მეგობრები თითქმის არ მყოლია. მომდევნო კლასებშიც იყვნენ ანუნები და ვიყავით ჩვენც. არაფერი შეცვლილა. ერთი ეგ იყო – ვისწავლე, რომ სხვის ცხოვრებაზე და საკუთარ ცხოვრებაზეც საჯაროდ არ უნდა მელაპარაკა. იმდენჯერ მიფიქრია მასწავლებლის ნათქვამზე, რომ მეგონა, მჯეროდა კიდეც, რაზეც ვფიქრობდი.

მერე, დამამთავრებელ კლასში, უბნის ბირჟაზე მდგომს, შორიდან ვიღაცამ ხელი დამიქნია. ვერ ვიცანი, მაგრამ ახლოს მისული მივხვდი – ანუნა იყო. გამოველაპარაკეთ ერთმანეთს, მე – ცოტა აგდებით, უხეში კომპლიმენტებით, ის – კვლავ ცეტურად და კისკისით.

ამერიკაში მივდივარ საცხოვრებლადო. მაშინ ამერიკა ისეთი უცხო და მიუწვდომელი იყო, სიცილი დავაყარე. მართლა მივდივარო. იმ კლასელების ნახვა მინდოდა, ვინც მაშინ ის ამბავი არ დაიჯერეთო. ვინც კლასიდან ჩემს გარიცხვას ხმა არ მიეცითო. თავი მოვისულელე, ვითომ ვერ მივხვდი, რას მეუბნებოდა. ცოტა ხანს ვილაპარაკეთ და წავიდა. არ ვიცი, სად წავიდა. იქნებ მართლა გადასახლდა ოკეანის მიღმა. ხშირად ხომ სწორედ საზოგადოებას, ოჯახს ან საკუთარ თავს გავურბივართ და არა სიდუხჭირეს.

რომ წავიდა, უბნის ბიჭებმა მკითხეს, ვინ იყოო. ისე მკითხეს, ფორმალობისთვის. აი, ყველა რომ ხვდება, რა დგას კითხვის უკან. ერთია, რა, ძველი ნაცნობი-მეთქი, მეც ორაზროვნად ვუპასუხე. სწორედ ამ ორაზროვნებაში ჩანს ხოლმე, შეძლებს თუ არა ადამიანი, საზოგადოებრივ აზრს დაუპირისირდეს. მე ვერ შევძელი და ეს მომენტი, ეს ორაზროვანი პასუხის მომენტი, – პასუხისა, რომ მე არ ვიყავი პასუხისმგებელი „ამნაირ“ გოგოზე, – ჩემთვისვე ლაკმუსის ქაღალდი აღმოჩნდა. რა გასაკვირია, დამრიგებლის სიტყვები აქაც რომ გამხსენებოდა? ვაღიარებ, ძალიან შემრცხვა ჩემი საქციელის და გადავწყვიტე, ყველაფერი გამეკეთებინა, რომ ჩემს შვილებს მსგავს საზოგადოებაში არ ეცხოვრათ.

შინ მისულმა, ვიფიქრე, მომეძებნა ანუნა და მეთქვა, რომ კლასის სასამართლოზე კი დავიცავი, მაგრამ ჩემივე სიტყვების არ მჯეროდა, რომ მეც სხვებივით მიჭორავია მასზე, როცა საპირფარეშოში მასაც ახსენებდნენ სხვა კლასის ბიჭები, რომ არაფრით განვსხვავდებოდი დანარჩენებისგან, რადგან განა ცალკეული ბავშვები ვიყავით ცუდები ან კარგები – ასეთ საზოგადოებაში გავიზარდეთ, ასე იყო მიღებული და ამ გაკვეთილზე, ცხოვრებამ სახეზე რომ აგვაფარა, უფროსებს ჩვენთან არასოდეს უსაუბრიათ. მასწავლებლებმა უბრალოდ გაჩუმება არჩიეს, თითქოს პრობლემა ასე უფრო დამალავდა თავს და ჩვენც ყველაფერს ბავშვობაში ნატკენი მუხლისთავებივით დავივიწყებდით.

მე პატარა ქალიშვილი მყავს. როცა კოღო უკბენს და ხელზე ვკოცნი, სჯერა, რომ მამის ნაკოცნი უშველის. როცა წაიქცევა, პირველად ჩემს სახელს ამბობს. რაც დრო გადის, უფრო და უფრო ხშირად მახსენდება დამრიგებლის სიტყვები, რომ ქალებს მეტად უჭირთ ამ ქვეყანაში. თითქოს თავს პირობა მივეცი, რომ შვილს სხვანაირ ქვეყანას დავახვედრებდი, მაგრამ არ გამოდის ეს საქმე, ვერ გამოდის და მრცხვენია. მრცხვენია, რადგან სულ მგონია: ანუნას რომ მამა ჰყოლოდა, ამდენს ვერ გაუბედავდნენ, ამდენს ვერ გავუბედავდით, ასე არ გადავუვლიდით ჩვენი გაკილვით თუ ჩვენი სიბრალულით.

ხომ შეიძლება, ერთხელაც ჩემს ქალიშვილსაც აღარ ჰყავდეს მამა გვერდით; ვინ იზრუნებს მასზე, ვინ დაიცავს ქალებს ამ ქვეყანაში, სადაც მათ უფრო მეტად უჭირთ, ბევრად უფრო მეტად?

ალბათ, ძალიან ძლიერი გოგოები უნდა გავზარდოთ მამებმა.

პ.ს. წერილში სახელები შეცვლილია, იმედი მაქვს, პერსონაჟები საკუთარ თავებს თვითონ მოძებნით.

 

გურამ მეგრელიშვილის ბლოგი

წყარო: mastsavlebeli.ge

ბლოგი