2020-03-19

Festa del papà - მამათა დღე, 19 მარტი

Buongiorno italia! - რომელიღაც სახლიდან კაცი სამშობლოს ესალმება.
Auguri festa del papàaaa! - მამის დღეს ულოცავს ქალის ხმა ყველაზე მაღალი კორპუსიდან.
კიდევ რამდენიმე გამოპასუხება.
დილაა. მზე და სიო ქუჩაში.
მაღაზიებში მიმავალ-მომავალი ხალხი იღიმის და ყველა ყველას ესალმება.
არავინ ჩერდება, ყველა ჩქარობს.
...
თავი მისკდება. თვალებს ვერც ვახელ და ვერც ვხუჭავ. ვახელ და თავი მტკივა. ვხუჭავ და - გული.

გაოგნებულმა დავიძინე წუხელ. არადა ძალიან სასიამოვნო საღამო მქონდა. გაოგნებულმა იმიტომ, რომ უცნაური კითხვები მოვისმენე.
ადამიანები, მათ შორის გონიერი ადამიანები, კითხულობდნენ თუ ნახა ვინმემ ერთი მკვდარი მაინც.

ეს ის დღეებია, როცა ყველა იმას იჯერებს, რისი დაჯერებაც უნდა.
ვიღაცას ჰგონია, რომ კატასტროფა ვირთხის წელმა გამოიწვია.
ვიღაცას მძაფრსიუჟეტიანი ფილმების სცენარები უდგას თვალებში.
ვიღაცას მეორედ მოსვლა აშინებს.
ვიღაც განსაცდელში გაძლიერებას ცდილობს.
მე ყოველ დღე ვრწმუნდები - სამყაროს შუალედური გამოცდა აქვს და, როგორც ცუდი მოსწავლე, გამოცდაზე სწავლობს.

მაქვს დამღლელი ფიქრები. მომენტები, როცა იტალიაზე დარდით საქართველოზე დარდის გადაფარვას ვცდილობ. მერე მრცხვენია, მაგრამ ადამიანი, საბოლოოდ, სადღაც, ხანდახან მაინც, ძალიან ეგოისტია.
სინამდვილეში, საქართველოში ატეხილი პანიკა ძალიან მაწუხებს და ამაზე ფიქრს ვერ გავურბივარ.

ეს პანიკა არაფრის მაქნისი, საშიში და ზოგჯერ შეურაცხმყოფელია.
ბოდიშს ვიხდი და თავს ვიმართლებ - იტალიის გამოცდილება ცოტა ხმამაღლა ლაპარაკის უფლებას მაძლევს:
საქართველოს წინაშე მრცხვენია!

რომელ მკვდრებს ეძებთ? რაში შეგაქვთ ეჭვი? იმ ადამიანების მწუხარებაში, ვისაც ოჯახის წევრების დაკრძალვაც არ შეუძლიათ? იმ ექიმის თავგანწირვაში, რომელსაც 20 დღის განმავლობაში ინფიცირებული ადამიანები ხელით დაჰყავდა და მეოცე დღეს თვითონ გარდაიცვალა ვირუსით? კაცი, რომელსაც ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, მოკვდა მხოლოდ იმიტომ, რომ სცვების დახმარების გამო, საკუთარი თავისთვის დრო არ ეყო. ჰყავდა გოგონა. ამ ბავშვმა მთელი ცხოვრება უნდა იმეოროს - მე გმირი მამა მყავდა. რა შეღავათია, ჰკითხეთ ქართველ ბავშვებს, გმირი მამების შვილებს.

ინფიცირებული ადამიანები მაშინვე გადაჰყავთ იზოლირებულად. მათი ნახვის საშუალება არ აქვთ ოჯახის წევრებს. ექიმები თუ ახერხებენ ვიდეო ზაოით ოჯახის წევრებთან დაალაპარაკონ. გარდაცვლილებს, საავადმყოფოს პროზექტურიდან, დალუქული კუბოებით, პირდაპირ სასაფლაოზე მიასვენებენ. აკრძალულია დაკრძალვაწე დასწრება
მხოლოდ მღვდელი და სასაფლაოს თანამშრომლები, ოჯახის წევრები ესწრებიან. საერთოდაც, იტალიაში გარდაცვლილს მეორე დღეს კრძალავენ. რენატო რომ გარდაიცვალა, ოჯახის მოთხოვნით, მიცვალებული შინ 48 საათი დატოვეს. საფრანგეთიდან შვილიშვილს რომ მოესწრო მოსვლა. მეორე დღეს სახლში მოვიდნენ დამკრძალავი ბიუროს თანამშრომლები და ხის კუბო, რომელსაც შიგნიდან ლითონი აქვს, სახლშივე დალუქეს, შეადუღეს. მოგეხსენებათ, იტალიაში მიწაში არ ასაფლავებენ ადამიანებს. ამის შემდეგ რენატო გადავასვენეთ სასაფლაოზე, სპეციალურ დარბაზში, ვერ ვიხსენებ როგორ ჰქვია. კიდევ ორი დღის შემდეგ შევასვენეთ "კედელში". ამდენად, მიცვალებულს, სახლიდან გასვენების შემდეგ, ისედაც ვერავინ ხედავს.
ახლა დაფიქრდით - ინფიცირებული ადამიანი, რომელიც საფრთხეა სხვებისთვის, საავადმყოფოში გარდაცვლილების შემდეგ, შეიძლება აპოზიორონ კამერების წინ?

ღამე ვნახე ვიდეო, რომელიც მთელი ცხოვრება მემახსოვრება.
ქალაქ ბერგამოდან, სპეციალური სამხედრო მანქანების კოლონა მიასვენებდა ბერგამოს საავადმყოფოებში გარდაცვლილთა ცხედრებს ბერგამოს გარეთ, უახლოეს სასაფლაოებზე კრემაციისთვის. ბერგამოს სასაფლაოები, მიუხედავად 24 საათიანი მუშაობისა, ცხედრების კრემაციას ვეღარ ასწრებენ.

კომენტარებში ხალხი წერდა, რომ მისი ძმა, მამა, ბიძაშვილი, მეგობარი და სხვა, ძვირფასი ადამიანები, სწორედ იმ ფურგონებში ასვენიან და მათ უკანასკნელი სალამი მხოლოდ ფანჯრიდან ხელის დაქნევით შეუძლიათ გაუგზავნონ.

მართლაც, ძალიან ჰგავს ეს ყველაფერი ფილმებში ნანახს. ოღონდ ბებერ სამყაროს, რომელსაც პანდემია სწორედაც ვერ აოცებს, დღეს ასეთი რეალობა აქვს. ამ რეალობას არც დავიწყება უწერია და არც კეთილი ბოლო ყველასთვის, მაგრამ გადარჩენილებს დიდხანს მოგვიწევს ღია თვალებით ძილი.

ამ ქვეყნის მაგალითით გეუბნებით - ახლა პანიკა უადგილოა!
ადამიანებო, იყავით ფრთხილად!
დარჩით სახლებში!
დატკბით ოჯახის წევრებით!
შეირგეთ საკუთრ სახლში ყოფნის გემო!
იქონიეთ პასუხისმგებლობა და ღირსება!
ნუ ქვითინებთ იმის გამო, რაც თქვენ გაქვთ, მაგრამ
სხვას ოცნებაც არ შეუძლია - სახლი, ოჯახი, სამშობლო.

#დარჩისახლში

ელისო კავილაძე. ბერგამო, იტალია, 18 მარტი

 

 

ბლოგი