2018-01-24

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებასთან (ე.წ. დეკრეტული შვებულება) და მის ანაზღაურებასთან დაკავშირებული პროცედურები, საკმაოდ ბევრ ახალბედა დედას აინტერესებს, ამიტომ „მშობელი“ ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტს დაუკავშირდა, სადაც აგვიხსნეს თუ ვის ეკუთვნის დეკრეტით სარგებლობისთვის გათვალისწინებული თანხა 1000 ლარის ფარგლებში და რა პროცედურების გავლაა მის მისაღებად საჭირო.

როგორც „მშობელს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, სოციალური მომსახურების სააგენტოსგან თანხას, იღებს დასაქმებული, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსი“ შესაბამისად. დასაქმებულს დახმარება მიეცემა: ა) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო; ბ) ახალშობილის შვილად აყვანის გამო.

რაც შეეხება პროცედურებს სამინისტროს განარტებით, ბრძანების შესაბამისად, ორსულმა უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას საავადმყოფო ფურცლის გასახსნელად. საავადმყოფო ფურცელი იხსნება ორსულობის 26-ე კვირიდან ერთდროულად 183 კალენდარული დღით, ხოლო გართულებული მშობიარობის ან ორი და მეტი ბავშვის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღით. ნაადრევი მშობიარობის შემთხვევაში საავადმყოფო ფურცელი შეიძლება გაიცეს ორსულობის 26-ე კვირამდეც.

„საავადმყოფო ფურცლის გახსნა 26-ე კვირიდან, ნებისმიერ დღეს შეიძლება. თუ მშობიარობის მომენტისათვის არ არის გახსნილი საავადმყოფო ფურცელი, მას გასცემს ის სამედიცინო დაწესებულება, სადაც დასაქმებულმა იმშობიარა. ბრძანების შესაბამისად, დამსაქმებელი ვალდებულია შეავსოს საავადმყოფო ფურცელი, რომელსაც დაფინანსების განაცხადთან და დასაქმებულის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტის ასლთან ერთად, წარადგენს სოციალური მომსახურები სააგენტოს მისთვის სასურველ ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულში. შესაბამისად, თავად დასაქმებული მხოლოდ საავამყოფოს ფურცელს წარადგენს თავის სამსახურში, დანარჩენ პროცედურას ახორციელებს დამსაქმებელი. მათ შორის, ორგანიზაციის ბუღალტერი ანგარიშობს დეკრეტული შვებულების ასანაზღაურებელ თანხას. თანხა ყოველი დასაქმებულის შემთხვევაში შეიძლება სხვადასხვა იყოს, რაც გამოყენებული დღეების რაოდენობასა და ხელფასზეა დამოკიდებული. ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში დასაქმებული წარუდგენს დამსაქმებელს სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც ადასტურებს შვილად აყვანის ფაქტს. დამსაქმებელი ავსებს დაფინანსების განაცხადს და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებასთან და დასაქმებულის პირადობის მოწმობის ასლთან ერთად წარადგენს სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულში“, - განუცხადეს „მშობელს“ სამინისტროში.

მათივე თქმით, დახმარება გაიცემა სააგენტოს მიერ, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

„დასაქმებულისათვის გასაცემი დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული შრომის ანაზღაურება. თუ შრომითი ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული შრომის ანაზღაურების ოდენობა, ამ შემთხვევაში დახმარების გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდამდე უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში დარიცხული შრომის ანაზღაურების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება. გამომუშავებაზე დამოკიდებული შრომის ანაზღაურების შემთხვევაში დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდამდე უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში დარიცხული შრომის ანაზღაურების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება. თუ დასაქმებულს არ გააჩნია მოცემულ დამსაქმებელთან სამი თვის მუშაობის სტაჟი, საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება გამოითვლება მოცემულ დამსაქმებელთან შესაბამისი პროფესიისა და კვალიფიკაციის დასაქმებულისათვის გადახდილი საშუალო თვიური შრომის ანაზღაურებიდან. დახმარების ოდენობის გამოანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღება: ა) ერთდროული სახის დახმარებები, პრემიები და მატერიალური ჯილდოები; ბ) ზეგანაკვეთური ანაზღაურება და დანამატები; გ) ერთჯერადი სამუშაოს ანაზღაურება, რომელიც არ წარმოადგენს ძირითადი სამუშაოსათვის მიღებულ გასამრჯელოს“, - აღნიშნავენ სამინისტროში და დასძენენ, რომ დახმარების საერთო თანხა განისაზღვრება შეჯამებულად საავადმყოფო ფურცელში მითითებულ თვეში (ყველა თვეზე ცალ-ცალკე) საშუალო დღიური ხელფასის გამრავლებით მოცემულ თვეში ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების განმავლობაში გაცდენილ სამუშაო დღეთა რიცხვზე.

ცნობისთვის, გასულ წელს კანონში შესული ცვლილების თანახმად, დეკრეტული შვებულების ანაზრაურება განსხვავებულად ხდება კერძო და სახელმწიფო უწყებებში. კერძო სტრუქტურებში დასაქმებულ პირებს დეკრეტული შვებულების ანაზღაურებას ურიცხავს სოციალური მომსახურების სააგენტო, სახელმწიფო უწყებები კი თავად უზრუნველყოფენ საკუთარი დასაქმებულებისთვის თანხის ანაზღაურებას. შესაბამისად, სახელმწიფო უწყებები სოციალური მომსახურების სააგენტოში აღარ წარადგენენ ბენეფიციარის დოკუმენტაციას.

 

ირინე არდაშელია

რჩევები