2018-11-06

საქართველოში შვილად აყვანა და მისი პროცედურები საოჯახო სამართლის სფეროს განეკუთვნება და მას სამოქალაქო კოდექსი არეგულირებს. გამოვყოფთ შვილად აყვანის პროცედურების მთავარ ასპექტებს. როგორც სხვა დროს, აქაც ცენტრალური ადგილი ბავშვის საუკეთესო ინტერესებს უჭირავს და შესაბამისად, სახელმწიფო კერძო ურთიერთობაში უფრო მეტად ერევა.
ვინ შეიძლება ვიშვილოთ? – შვილება შეიძლება მხოლოდ არასრულწლოვანი ბავშვის მისი კეთილდღეობისა და ინტერესების გათვალისწინებით, თუ მშვილებელსა და ნაშვილებს შორის ისეთივე ურთიერთობა წარმოიშვას, როგორიცა მშობელსა და შვილებს შორისაა. ამასთანავე არის გამონაკლისი, როცა სრულწლოვანი პირის შვილად აყვანა შეიძლება. ამ შემთხვევაში მთავარია უკვე არსებობდეს ფაქტობრივი ურთიერთობა მშვილებელსა და შვილად ასაყვან პირს შორის, ასევე არ ეწინააღმდეგება მშვილებლის ან/და შვილად ასაყვანის ინტერესებს და ის ზნეობრივად გამართლებულია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ აკონკრეტებს თუ რა არის ზნეობრივად გაუმართლებელი, თუმცა ივარაუდება, რომ ეს ნიშნავს - არ ეწინააღმდეგებოდეს საზოგადეობაში დამკვირდებულ მინიმალურ სტანდარტებს, მაგალითად, ასაკით უმცროსმა იშვილოს ასაკით უფროსი და ა.შ. ბავშვს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი ენიჭება მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს გადაწყვეტილებით, რომლის საფუძველზედაც გასაშვილებელი ბავშვი რეგისტრირდება რეესტრში კერძოდ:

გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი ენიჭება ბავშვს:
ა) რომლის მშობელი (მშობლები) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა;
ბ) რომელიც არის ობოლი;
გ) რომელიც სასამართლომ მიტოვებულად აღიარა;
დ) რომლის მშობელსაც (მშობლებს ) სასამართლომ ჩამოართვა მშობლის უფლება;
ე) რომლის ყველა კანონიერი წარმომადგენელი აცხადებს თანხმობას მის გაშვილებაზე მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ 10 წელზე მეტი ბავშვის გაშვილების დროს აუციელებელია მისი წერილობითი თანხმობა, ხოლო 10 წლამდე მიიღება მისი სურვილი მისი ასაკის გათვალისწინებით.

ვინ შეიძლება იშვილოს ბავშვი? - მშვილებელი შეიძლება იყოს როგორც საქართველოს მოქალაქე, ასევე მოქალაქეობის არ მქონე პირი, რომელიც აკმაყოფილებს კანონით დადგენილ პირობებს, ამასთნავე რეგისტრირებულია ერთიან ბაზაში. ამასთანავე პირმა, რომელსაც სურს საქართველოში ან /და უცხო ქვეყნიდან ბავშვის შვილად აყვანა, უნდა გაიაროს სავალდებულო მოსამზადებელი კურსი, რომლის მიზანია შვილად აყვანის მსურველი პირის მიერ ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების შეძენა.

შვილება შეუძლიათ:
- დაქორწინებულ პირებს;
- ერთ-ერთმა მეუღლემ თუ ის ბავშვის ნათესავია და გააჩნია ბავშვის შვილების უპირატესი უფლება.
- დაუქორწინებელმა პირმა.
- დაქორწინებულმა პირებმა ბავშვი შვილად ერთობლივად უნდა აიყვანონ
- არ შეიძლება ერთი ბავშვი შვილად აიყვანოს ორმა პირმა, გარდა მეუღლეებისა.

პირი, რომელსაც შვილად თავისი მეუღლის შვილი აჰყავს, ვალდებულია მშვილებლად რეგისტრირების შესახებ განაცხადს დაურთოს შვილად ასაყვანი ბავშვის დაბადების მოწმობა, ბავშვის წერილობითი თანხმობა (თუ იგი 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკისაა), ბიოლოგიური მშობლის (ბიოლოგიური მშობლების) თანხმობა ამ პირის მიერ ბავშვის შვილად აყვანაზე ან დოკუმენტი. ასევე შვილად აყვანის მსურველი უნდა იყოს რეგისტრირებულ სპეციალურ რეესტრში, რომ მას სურს ბავშვის შვილად აყვანა.

ამასთანავე მშვილებელი არ უნდა იყოს:
- რომელსაც ჩამოერთვა მშობლის უფლება ან ადრე ჰყავდა შვილად აყვანილი ბავშვი, იყო არასრულწლოვანი პირის მეურვე /მზრუნველი ან მინდობით აღსაზრდელად გადაცემული ჰყავდა მინდობით აღსაზრდელი, მაგრამ ეს ურთიერთობა გაუქმდა მის მიერ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების გამო;
- რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეეზღუდა მშობლის უფლება -მოვალეობები მშობლის უფლებების განუხორციელებლობისა და მოვალეობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო;
- რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის (მინისტრის მიერ დამტკიცებული დაავადებათა ნუსხის მიხედვით) გამო მშობლის მოვალეობებს ჯეროვნად ვერ ასრულებს;
- რომლის ოჯახის სოციალური მდგომარეობა არ აღემატება მინდობით აღზრდის მიზნით გადაცემისათვის სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებს.
- რომელსაც სასამართლომ მსჯავრი დასდო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის და ნასამართლობა არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მშვილებლის რეესტრში რეგისტრაცია - იმისათვის, რომ ბავშვის შვილად აყვანის მსურველმა პირიმა შეძლოს ბავშვის შვილება უნდა გაიაროს შემდეგი პროცედურები:
- უნდა მიმართოს მეურვეობისა და მზრუნველბის ორგანოს
- წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ქორწინების მოწმობის ასლი – ქორწინების შემთხვევაში, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, სამედიცინო -ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი, რომლითაც დასტურდება მშვილებლად რეგისტრაციის მსურველი პირის/ოჯახის სოციალური მდგომარეობა არ აღემატება მინდობით აღზრდის მიზნით გადაცემისათვის სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებს, ნასამართლობის შესახებ ცნობა, შვილად აყვანის მსურველი პირის მიერ სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი – სერტიფიკატი.
- განაცხადი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სასურველი შვილად ასაყვანი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის , ასაკის , სქესისა და წარმომავლობის შესახებ და სხვა მონაცემებს.
აღნიშნულის შემდგომ მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილბრივი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას მსურველი პირის განაცხადის დაკამყოფილების შესახებ და არეგისტრირებს პირს/პირებს და აცნობებს მას.

მშვილებელთა შესაბამისი რეესტრში რიგითობა და ბავშვის შეთავაზება მშვილებლისათვის - შვილად აყვანის დროს დაცული უნდა იქნეს რეესტრში არსებული რიგითობა, ეს ნიშნავს ბავშვსა და მშვილებელს შორის თავსებადობას. ამასთანავე იმ შემთხვევაში თუ ორჯერ იტყვის უარს შეთავაზებულ ბავშზე, მას ამოიღებს რეესტრიდან. რეესტრს აწარმოებს სააგენტო, სააგენტო კი არის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო). მშვილებელს გასაშვილებელ ბავშვს შესთავაზებენ რეესტრში არსებული რიგითობის, მშვილებლის მიერ განაცხადში ბავშვის შესახებ მითითებული კრიტერიუმების შესაბამისად და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მშვილებელი ვალდებულია შეთავაზებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წერილობით დაადასტუროს საკუთარი პოზიცია (თანხმობა /უარი) შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანის შესახებ, შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირის მიმართ არ მოქმედებს რიგითობის პრინციპი ეს ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული ბავშვის ნათესავს კერძოდ მშვილებელს , რომელსაც სურს შვილად თავისი მეუღლის შვილი აიყვანოს, არის გასაშვილებელი ბავშვის ნათესავი, მშვილებელს, რომელსაც უკვე აყვანილი ჰყავს შვილად გასაშვილებელი ბავშვის დედმამიშვილი; მინდობით აღმზრდელს, რომელსაც ბოლო 6 თვის განმავლობაში მინდობით აღსაზრდელად ჰყავდა გადაცემული მინდობით აღსაზრდელი.

შვილად აყვანის თავსებადობის დასკვნა - თუ მშვილებელი შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანაზე თანხმობას განაცხადებს, მისი თანხმობის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო ამზადებს დასკვნას შვილად აყვანის შესახებმ დასკვნა თავის მხრივ შეიცვას შემდეგ მონაცემებს: მშვილებლის შესახებ მონაცემები, გასაშვილებელი ბავშვის შესახებ მონაცემები,ბავშვისთვის გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მინიჭების საფუძველი, მშვილებლისა და ბავშვის თავსებადობის შესახებ დასკვნა და ა.შ. და ეს დასკვნა მომზადებიდან 1 კვირის ვადაში წარედგინება შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს მიერ. რაც შეეხება ვადებს აქაც მოლოდინის რეჟიმია უმეტეს წილად.

შვილად აყვანის რეგისტრაცია - მშვილებლებს (მშვილებელს) შვილად აყვანის შესახებ განცხადება შეაქვთ (შეაქვს) სასამართლოში თავიანთი (თავისი) ან გასაშვილებელი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შვილად აყვანის საქმე დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილება, განცხადების შეტანის შემდგეგ სასმართლო მას უდავო წარმოების წესით განიხილავს, სააგენტო მას უგზავნის დასკვნას ამასთანავე სასამართლო უფლებამოსილია მოითხოვოს სხვა დამატებითი დოკუმენტაცია მტკიცებულებები და ა.შ. განცხადებაში შვილად აყვანის შესახებ მითითებული უნდა იყოს მონაცემები შვილად ასაყვანისა და მშვილებლის (მშვილებლების) შესახებ, აგრეთვე გარემოებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ შვილება ხდება ბავშვის კეთილდღეობისა და ინტერესებისათვის. ბავშვის ინეტერესებს იცავს ასეთ შემთხვევაში სააგენტო. ამასთან ერთად აღნიშნული მიმდინარეობს უკვე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. თუ სასამართლო ცნობს, რომ შვილად აყვანა შეესაბამება შვილად ასაყვანის ინტერესებს და ემსახურება მის კეთილდღეობას, გამოიტანს გადაწყვეტილებას შვილად აყვანის შესახებ, რომელიც განმცხადებლის თხოვნით საჯაროდ არ გამოცხადდება. შვილად აყვანა ძალაში შედის სასამართლო გადაწყვტილების კანონიერ ძალაში შევლის მომენტიდან. რაც შეეხება ვადებს ეს უკვე დამოკიდებულია სასამართლოზე თუმცა გამომდინარე იქედან რომ ამ შემთხვევაში მოდავე მხარე არ არსეობს უფრო ნაკლები დრო სჭირდება. ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული წარმოადგენს საიდუმლოს და მისი გამჟღავნება ისჯება სისხლის სამართლის წესით. სასამართლო ვალდებულია შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გაუგზავნოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილების მიღების ადგილის მიხედვით და სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს აღნიშნული გადაწყვტილება ამასთანავე, მშვილებლის (მშვილებლების) მოთხოვნით კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის მოტივით , ბავშვს შეიძლება შეეცვალოს სახელი , გვარი , პირადი ნომერი , დაბადების ადგილი და დაბადების თარიღი (დაბადების თვის ფარგლებში. ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში მშვილებელი (მშვილებლები) მიეთითება (მიეთითებიან) შვილად აყვანილი ბავშვის მშობლად (მშობლებად). შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნაშვილები კარგავს ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებს და თავისუფლდება მოვალეობებისგან თავისი ბიოლოგიური მშობლისა (ბიოლოგიური მშობლებისა ) და წარმოშობით ნათესავების მიმართ.
ეს არის მოკლე მიმოხილვა შვილად აყვანის პროცედურების შესახებ, ამასთანავე არის უამრავი დეტალი, რომელიც შვილების დროს უნდა იქნეს გათვალისწინებული, შესაბამისად, დამატებითი ინფორმაციის ან/და მომსახურებისათვის უკვე ყოველი კონკრეტული შემთხვევაა გასათვალისწინებელი.

პრეცედენტებს ვქმნით ჩვენ

ადვოკატი გურამ კონტუაძე, სპეციალურად „მშობელისთვის“

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ
დაუკავშირდეთ - Facebook-ზე, ან შემდეგ მისამართებზე:
ტელ: +995 591 97 67 64; Viber/Whatsapp: +995 591 97 67 64;
skype: pa31101986kgg ელ.ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.;

რჩევები