2020-05-07

ბავშვის ნდობის განვითარებაში აღზრდის სტილის ზეგავლენასა და ნდობის მოპოვების მეთოდებზე, სპეციალურიად "მშობელისთვის" რჩევებს ფსიქოლოგი დარეჯან თლორდავა გაგვიზიარებს:

საქართველოში მშობელთა დიდი ნაწილი ბავშვთა და მოზარდთა აღზრდის პროცესში დიდ სირთულეებს განიცდის. ისინი ძირითადად იყენებენ აღზრდის ავტორიტარულ მიდგომას, რასაც სავარაუდოდ მათ მიმართაც იყენებდნენ. ასეთ შემთხვევაში მოზარდები ვერ გრძნობენ მშობლის მხრიდან სათანადო მხარდაჭერას, შესაბამისად, მშობელსა და შვილს შორის ემოციურ სიახლოვესა და ნდობაზე საუბარი ზედმეტია.

გაეროს ბავშვთა ფონდის 2018-19წლის კვლევის სურათი ასეთია:

- ბავშვების 69%-ის მიმართ გამოიყენეს აღზრდი ძალადობრივი მეთოდი.

- ბავშვების 31%-ს გამოუცდია ფიზიკური დასჯა (მკაცრი და სხვა ტიპის).

- ბავშვების 5%-ს  გამოუცდია მკაცრი ფიზიკური დასჯა, როგორიცაა ხელის დარტყმა სახეზე, თავზე ან ყურებზე და ცემა მთელი ძალით, გამუდმებით.

- ბავშვთა 66%-მა განიცადა ფსიქოლოგიური აგრესია.

- დედების 8% თვლის რომ ფიზიკური დასჯა საჭიროა ბავშვის სწორად აღსაზრდელად.

აღზრდის ასეთი ავტორიტარული მიდგომა დაკავშირებულია მშობლის განათლების დონესთან, რადგან ბავშვის ფიზიკური დასჯის მომხრეთა რაოდენობა მცირდება მშობლის განათლების დონის ზრდასთან ერთად.

აქვე არ უნდა დავივიწყოთ ამ ტიპის აღზრდის მოკავშირე ქართული ეთნო-კულტურალური მიდგომები, ტრადიცია და სტერეოტიპები ბავშვების შესახებ: “მორჩილი და ურჩი, კარგი და ცუდი, გულის ვარდი  და გულის დარდი, მტრულად უნდა აღიზარდოს რომ საბოლოოდ „მოყვარედ“ იქცეს.  დღემდე ძალაში რჩება ბავშვის პიროვნებად არაღიარების, მისი თავმოყვარეობის, ღირსების უგულებელყოფის და ბავშვის „საკუთრებად მიჩნევის“ პრობლემა.   

არსებული სურათი აჩვენებს, რომ აღზდის ის მეთოდები, რაც წინა თაობებში აქტუალური იყო, ნორმად ითვლებოდა. ახლა ის პათოლოგიური და არაჯანსაღია, რომელიც აზიანებს ბავშვს, ფსიქო-ემოციურ პრობლემებს აჩენს და მშობელსა და შვილს შორის ემოციურ მანძილს ზრდის.

ეს არის მანკიერი წრე, რომელიც თაობიდან თაობაში  გადადის, სადაც გაუაზრებელი, სტერეოტიპული ქცევებია, როგორც დასწავლილი და ჩაკირული ქცევა.

რა მიდგომა ან აღზრდის მეთოდები გამოვიყენოთ, რათა მოვიპოვოთ ბავშვის ნდობა (ან გასაღები)

მშობლის ამოცანაა გაითვალისწინოს ბავშვის ზრდასთან დაკავშირებული ასაკობრივი თავისებურებები და კრიზისები, დააკმაყოფილოს მისი ბაზისური მოთხოვნილებები: თანასწორი დამოკიდებულება, მისი პიროვნებად აღქმა და მის მიერ გამოთქმული აზრების, გრძნობების პატივისცემა; არჩევანის და შეცდომების დაშვების უფლების მიცემა. განავითაროს შემოქმედებითი ნიჭი და დაანახოს თავისი ძლიერი მხარეები. მშობელი ვალდებულია ბავშვი შეიყვაროს უპირობოდ და მიიღოს ის თავისი ღირსებებითა და ნაკლოვანებებით. მან უნდა ისწავლოს დამსახურებების გარეშე შვილების შეყვარება. ეს ხელს შეუწყობს ბავშვის  დამოუკიდებელ, თავდაჯერებულ ადამიანად ჩამოყალიბებას.

ზემოთ ჩამოთვლილი მოიაზრებს ავტორიტეტულ აღზრდის სტილს, სადაც მშობელი შვილის კარგი მეგობარია, მოკავშირე და ეს მიდგომა ბავშვის ნდობის გარანტია. ხშირად ხდება, რომ მშობელმა თეორიულად იცის გარკვეული თემები, მაგრამ პრაქტიკულად ვერ ახორცილებს მის გამოყენებას, უძნელდება ბავშვთან ურთიერთობის ზოგიერთ საკითხებთან გამკლავება და სტერეოტიპული ქცევების მსხვერპლი ხდება. ამიტომ ყველა მშობელს სჭირდება თვითანალიზი, რათა გააცნობიეროს ავტომატური რეაქციები ბავშვთან მიმართებაში, ურთიერთობაში, გამოიკვლიოს და ჩაანაცვლოს ის ახალი პროდუქტიული მიდგომებით.  

თვითანალიზი დაგეხმარებათ რატომ ფიქრობთ და რატომ მოქმედებთ ამა თუ იმ სიტუაციაში ასე. ამასთანავე, შესაძლებლობა გეძლევათ გაიხსენოთ საკუთარი ბავშვობა. აქ შედის თქვენი აღზრდა და ურთიერთობა მშობლებთან და ასევე თქვენი ცხოვრების  მნიშვნელოვანი მოვლენები.

- გაიხსენეთ ადამიანები ან ფაქტორები, რომლებმაც მოახდინეს თქვენზე ზეგავლენა.

- როგორ ღირებულებებს, წარმოდგენებს, ინფორმაციებს ატარებთ, თუ ის მოძველდა?

- როგორი სახის კრიტიკა, კომენტარები გახსოვთ  თქვენს მიმართ?

- როგორ აღწერდით თქვენს ურთიერობას მშობლებთან (მამასთან და დედასთან?)

- რომელი ღირებულებებია თქვენთვის ყველაზე მთავარი?

წარმოიდგინეთ თქვენი თავი ბავშვის ადგილას და შეიგრძენით თუ რას იგრძნობდით თქვენ როცა გაიგონებდით თქვენს ასეთ ტონს, დაინახავდით სახის ასეთ გამომეტყველებას. კვლავ გახდით ბავშვი და ჩაწვდით თქვენს გრძნობებს და აზრებს. ეს დაგეხმარებათ შინაგანი ხმის მოპოვებაში, რომელიც ბავშვს ეუბნება:

       მე შენ გისმენ, შენზე ვზრუნავ, მინდა რომ გაგიგო...

 

 

 

 

 

 

 

  

 

რჩევები