2020-05-01

"ბიჭია ბიჭი!", "გვარის გამგრძელებელი დაიბადა", "არაუშავს, მეორე იქნება ბიჭი" - ამ სახის რეპლიკები, თითოეულ თქვენგან, ალბათ, არაერთხელ მოგისმენიათ, რაც გვარის გამგრძელებლის სტერეოტიპს უკავშირდება.

აღნიშნული, ჩვენ საზოგადოებაში იმდენად მყარადაა გამჯდარი, რომ ცოტამ თუ იცის იმის შესახებ, სამოქალაქო კოდექსი გვარის გამრგრძელებელს სქესის მიხედვით არ ყოფს. კერძოდ, მამის გვარის მინიჭება, მხოლოდ ტრადიციების გადმონაშთია, კანონის თანახმად კი, ბავშვს შეიძლება მიეცეს, როგორც დედის, ისე მამის, ან ორივე გვარი ერთად. შესაბამისად, მიდგომა, რომ მხოლოდ ბიჭია გვარის გამგრძელებელი, იმთავითვე შეცდომაა.

რა წერია კანონში "მშობელს" იურისტი გურამ კონტუაძე განუმარტავს:

„1997 წლიდან, როცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მიიღეს, შვილისათვის გვარის მისანიჭებელი ნორმის კონსტრუქცია შემდეგი სახით იყო წარმოდგენილი: მუხლი 1195 - შვილის გვარი განისაზღვრება მშობლების გვარის მიხედვით. თუ მშობლებს საერთო გვარი არა აქვთ, შვილს მიეკუთვნება დედის ან მამის გვარი, ან შეერთებული გვარი მშობლების შეთანხმებით. აღნიშნულმა, დროთა განმავლობაში გარკვეული ცვლილებები განიცადა, თუმცა გვარის მინიჭებაზე კოდექსის პირველადი ჩანაწერი, დღევანდელ დღემდე უცვლელადაა მოღწეული.

რაც შეეხება საერთო გვარის მინიჭების ნორმას, ის რამდენიმე ნაწილად იყოფა: პირველი - თუ მშობელს საერთო გვარი აქვს, მაშინ ბავშვსაც საერთო გვარი ენიჭება, მეორე - თუ  მშობლებს საერთო გვარი არა აქვთ, შვილს მიეკუთვნება დედის ან მამის გვარი, ხოლო მესამე ნაწილი განსაზღრავს იმ შემთხვევას, როცა მშობლებს სხვა და სხვა გვარი აქვთ, კერძოდ, ახალდაბადებულს მშობელთა შეთანხმებით ეძლევა მშობლების შეერთებული გვარი.

მესამე ნაწილის შემთხვევაში, კანონი მხარეთა შეთანხმებას მოითხოვს, თუმცა არ არის მითითებული რა სახით შეიძლება იყოს შეთანხმება წარმოდგენილი, ზეპირი თუ წერილობითი. 

კანონმდებელი, ტრადიციისაგან განსხვავებით, მოწესრიგების შესაძლებლობას აძლევს მხარეებს და აღნიშნულს არა სახელწმიფოს გადასაწყვეტ საკითხად, არამედ თავისუფალი საზოგადოების თავისუფალი მოქალაქეების გადასაწყვეტა მიიჩნევს. გამონაკლისია ის შემთხვევა, როცა ერთ-ერთ მშობელს უკვე აქვს შეერთებული გვარი.

პრაქტიკაში თითქმის არ არსებობს შემთხვევა, როცა მხარეები ბავშვის დაბადების დროს ბავშვის გვარზე არ იყვნენ შეთანხმებულნილ, თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ასე მოხდა, ერთ-ერთ მხარეს ეძლევა უფლება მიმართოს სასამართლოს. სასამართლო დავის დასრულებამდე ახალშობილი დედის და მამის გვარს ერთად ღებულობს.

იმ შემთხვევაში თუ მხარეები თანხმდებიან ერთ გვარზე, განქორწინების შემდეგ ბავშვის გვარის შეცვლის უფლება, მშობლის სურვილით, არ არსებობს. ბავშვის გვარის შეცვლის უფლება მხოლოდ მაშინ წარმოიშვება, თუ გვარის შეცვლა ბავშვის უპირატეს ინტერესებს შეესაბამება. სსკ-ის 1195-ე მუხლი, მოცემული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მშობელს ანიჭებს უფლებას მოითხოვოს მხოლოდ მისი გვარი. ამასთანავე  ეროვნული კანონმდებელობა ბავშვის გვარის შეცვლის შესახებ სარჩელის აღძვრის დისკრეციას ანიჭებს მხოლოდ იმ მშობელს, რომელთანაც ბავშვი ცხოვრობს. თუ ბავშვი 10 წელზე მეტისაა, საჭიროა მისი თანხმობაც.

რაც შეეხება ბავშვის უპირატესს ინტერესს, აღნიშნული წარმოადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას, კერძოდ, მხარეთა შორის დავის დროს სახელმწიფო არ ხელმძღვანელობს რომელიმე მხარის ინტერესებით, ის ყოველთვის ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და ღებულობს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საუკეთესოა ბავშვისთვის.

აღნიშნული კიდევე ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ სახელმწიფომ უნდა დაიცვას ბავშვი თავად მშობლების სურვილებისგანაც, თუ ის საზიანოა ბავშვისთვის.

ერთ-ერთ საქმეში უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „ტრადიციული მიდგომა ბავშვისთვის მამის გვარის მინიჭების შესახებ, მოცემულ შემთხვევაში, ვერ იქნება სამართლებრივად მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ბავშვის უპირატესი ინტერესი ზემოაღნიშნული მსჯელობის თანახმად, თანხვედრაში არ არის არსებულ ტრადიციებთან, რის გამოც, უპირატესობა ბავშვის ინტერესების უპირატეს დაცვას უნდა მიენიჭოს“.

                                                           
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მომართეთ:

ადვოკატი გურამ კონტუაძე -  tel/viber/ WhatsApp: +995 591 976 764;                                

mail: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.;

faceebok: https://www.facebook.com/GuramKontuadze

 

ირინე არდაშელია, სპეციალურად "მშობელისთვის" 

                       

 

 

           

 

  

 

რჩევები