2020-10-23

ევექსი ჰოსპიტლები განაგრძობს ინფიცირებულთა სამართავად გუშინ დაანონსებული საწოლების გამოყოფას და სახელმწიფოს მხარდაჭერის ფარგლებში დღეს დამატებით კიდევ ერთი სამედიცინო ცენტრი - ციციშვილის ბავშთა კლინიკა გამოყო.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ინფიცირებულთა მკვეთრი მატების მიუხედავად, ჰოსპიტალური ქსელის მიერ დღემდე გამოყოფილი 634 საწოლის სრული დატვირთვა არ დაფიქსირებულა. მიუხედავად ამისა, ევექსი ჰოსპიტლები კვლავ მზადაა პანდემიასთან საბრძოლველად მოსახლეობას სრული მხარდაჭერა გამოუცხადოს და ამჯერად, შესაბამისი ინფრასტრუქტურით და მედპერსონალით აღჭურვილი ციციშვილის კლინიკაა მზად ინფექციური პროფილით მიიღოს პატარა პაციენტები. აქვე აღსანიშნავია, რომ პედიატრიული და ნეონატოლოგიური პაციენტების საჭიროებიდან გამომდინარე კლინიკაში წამყვანი ქირურგების ჩართულობით განხორციელდება გადაუდებელი და გეგმიური სტაციონარული ინტერვენციები.

კლინიკაში მომზადდა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღიჭურვა პალატები, სადაც დამატებითი საწოლებია გათვალისწინებული თავმდგმურებისთვისაც. COVID-19-ის პრევენციისა და კონტროლის საკითხებში გადამზადებული მედპერსონალი კი სამედიცინო მომსახურებას პაციენტებთან ერთად, მათ მეთვალყურეებსაც გაუწევს.

ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის ამბულატორიული ფლიგელი, რომელიც ჰოსპიტალური ნაწილისგან დამოუკიდებელი, იზოლირებული შესასვლელით მოეწყო, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას, სადაც პედიატრიული პაციენტებისთვის იშვიათი დაავადებების ამბულატორიული სერვისის (დიაბეტი, ცისტური ფობროზი, დაუსრულებელი ოსტეოგენეზი, ბრუტონის დაავადება, თალასემია და სხვა) მიწოდება შეუფერხებლად განხორციელდება. რაც შეეხება სტაციონარულ სერვისებს, ციციშვილის წამყვანი ქირურგები პაციენტებს იაშვილის ბაზაზე მიიღებენ, სადაც შესაბამისი ქირურგიული მომსახურება (უროლოგია, ყბა-სახის ქირურგია, თორაკოქირურგია და სხვა) ჩატარდება.

ეს არის ევექსი ჰოსპიტლების მიერ სახელმწიფოს მხარდაჭერის ფარგლებში საწოლფონდის გამოყოფის რიგით მე-6 ეტაპი.

 

დღის ამბები