2020-10-23

მთავრობა მკაცრ რეკომენდაციას იძლევა, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში პირბადის ტარება ღია სივრცეებშიც მოხდეს.

შესაბამისი განცხადება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა გააკეთა.

„მკაცრი რეკომენდაცია გახლავთ, რომ 3 ქალაქში, სადაც ეპიდემიოლოგიური მდგომაროება მოითხოვს და ეს ქალაქებია თბილისი, ქუთაისი და ბათუმი, პირბადის ტარება მოხდეს გარე სივრცეებშიც, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც დისტანციის დაცვა არის შეუძლებელი. მოგიწოდებთ, რომ დღეიდან თბილისში, ქუთაისში და ბათუმში ღია სივრცეებში პირბადე ვატაროთ.

ეს გაკონტროლდება შესაბამისი სამსახურების – შსს-სა და შრომის ინსპექციის მხრიდან. იმედი მაქვს, რომ ჩვენ არ დაგვჭირდება პოლიციის რესურსის გამოყენება ცნობიერების ამაღლებასა და მითითებისთვის. იმედი მაქვს, რომ ამაზე პოლიციის რესურსის გამოყენება არ იქნება საჭირო. ამას ამ ეტაპზე აქვს სარეკომენდაციო ხასიათი, თუმცა, მკაცრი რეკომენდაციაა, გთხოვთ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ, რომ არ დაგვჭირდეს გარე სივრცეებზეც ჯარიმის დაწესება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ წესს მოქალაქეები შეასრულებენ. პირბადე და დისტანცია არის ერთადერთი ქმედითი საშუალება ვირუსის გავრცელების შესანელებლად”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევიდან 686 თბილისში დაფიქსირდა. მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსის ინფიცირებული პაციენტებიდან 397 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„აჭარის რეგიონში-487 შემთხვევა გვაქვს, იმერეთში- 356, ქვემო ქართლში-36, შიდა ქართლში-35, გურიაში -17, სამეგრელო-ზემო სვანეთში-69, კახეთში-24, მცხეთა -მთიანეთში-12, სამცხე ჯავახეთში-30, რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 7, თბილისში -686 ახალი შემთხვევა ფიქსირდება“,-განაცხადა ბერია სიჭინავამ.

ამასთან, გამოჯანმრთელდა კიდევ 350 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 9 751-მდე გაიზარდა. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ ხუთი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 183-ს შეადგენს.

დღის ამბები